მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ყანდიაშვილის და მდინარაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

კოკა ყანდიაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ ახლო კონტაქტებზე საუბრობს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მას ხელისუფლების მმართველ გუნდში ბევრი მეგობარი ჰყავს და „ქართული ოცნების“ პარტიასაც ხშირად სტუმრობს.

ყანდიაშვილი წერს, რომ ვერავინ ვერ აუკრძალავს მედიასაშუალების შექმნას, რათა ხალხს სიმართლე გააგებინოს.

მისივე განცხადებით, „ესპერსონა“ დამოუკიდებელი მედია პლატფორმაა, ხოლო „Facebook“-ს ინფორმაცია „ანგაჟირებულმა ორგანიზაციებმა“ მიაწოდეს, რომელთა სამიზნეც თავად და მისი მედიასაშუალება „ესპერსონა“ იყო.

ყანდიაშვილი მომავალში, ახალგაზრდებთან ერთად, საზოგადოებისათვის უფრო საინტერესო მედია პროდუქტების შეთავაზებას გეგმავს. საქმიანობის პარალელურად, მედიასაშუალება მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს „Facebook​“-თან, „გუგლთან“და სხვა სოციალურ ქსელებთან.

“არახალია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხით მებრძვის 2004 წლიდან. არც ისაა ახალი, რომ არასდროს დავიღლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლით. დიახ, ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მიზანი იყო, ჩამოვეშორებინე ჩემს საყვარელ საქმეს, – ტელევიზიას… გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ, ვერავინ ამიკრძალავს შევქმნა მედია საშუალებები და ხალხს გავაგებინო სიმართლე, რომელიც ხან პარტიებს არ მოსწონთ და ხანაც ბიზნესებს…

2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ.

რაც შეეხება ფეისბუქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს «კვლევის» მასალები ფეისბუქს, თავად «კვლევის» სამიზნედ პირადად მე და «ეS პერსონა» ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფეისბუქთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ტყუილებს მალე მოეღება ბოლო.

მინდა აღვნიშნო, რომ ახლო მომავალში, ჩემს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთად, უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას. ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ ფეისბუქთან, გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა“, – აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.

დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ კოკა ყანდიაშვილთან რაიმე სახის კავშირი უარყო და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ მასთან არანაირი ოფიციალური ხელშეკრულება არ აქვს.

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თუმცა რაიმე სხვა კავშირი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს Facebook-მა 790 ყალბი ანგარიში წაშალა, რომლებსაც კოკა ყანდიაშვილი მართავდა. წაშლილია ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button