“კავშირი არ მაქვს ძმის კომპანიასთან”

ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე განმარტავს, რომ მისი ძმის კომპანიის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს, ტენდერები კი, ყველა წესის დაცვით ტარდება. მამუკა მელიქიძე “სამხრეთის კარიბჭესთან” ამბობს, რომ წლების წინ, ძმის კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო, თუმცა ახლა მასთან კავშირი აღარ აქვს.
„ტენდერები ტარდება ელექტრონულად, ყველა წესის დაცვით და მე არანაირი კავშირი მაქვს ამასთან, ჩემ ძმას უკვე წლებია ეს კომპანია აქვს და არაერთი მუნიციპალიტეტის ტენდერებში მონაწილეობს. ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მე არანაირი კავშირი მაქვს ჩემი ძმის კომპანიასთან და არც სატენდერო კომისიასთან. ასე რომ, გამორიცხულია ჩემი რაიმენაირი კავშირი მის მოგებულ ტენდერებთან“. – განაცხადა მამუკა მელიქიძემ.
ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობიდან, მალხაზ მოსიძე იმ შემთხვევებსაც იხსენებს, როცა მელიქიძის ძმის კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოს ხარვეზი აღმოაჩნდა.
„იყო შემთხვევები, როცა დეფექტიანად შეასრულა მისმა კომპანიამ სამუშაო. ეს იყო ერთ–ერთი ამბულატორიის მშენებლობა, თუმცა შემდეგ ჩვენი და სხვა ადგილობრივების ჩარევის შემდეგ, ეს ხარვეზი გამოასწორეს. ასევე იყო შემთხვევა, როცა კომპანიას გადაუვადდა სამუშაოს შესრულების ვადა რამდენჯერმე, თუმცა ამაზე ზუსტად ვერ გეტყვით, რის გამო. თვითონ ფაქტი, რომ საკრებულოს თავმჯდომარე იგებს ტენდერებს, რა თქმა უნდა საყურადღებოა“. – ამბობს მალხაზ მოსიძე.
საკრებულოს თავმჯდომარის კავშირს მისი ძმის კომპანიის მოგებულ ტენდერებში არ გამორიცხავს ასპინძის საკრებულოს დეპუტატი “ევროპული საქართველოდან” ფრიდონ ლონდარიძე. მისი თქმით, ამის დასადგენად, საფუძვლიანი კვლევაა საჭირო.
„მისი ძმა ადრეც ფლობდა კომპანიას. თუმცა გადაჭრით იმის თქმა, უკავშირდება თუ არა მისი ძმის მოგებული ტენდერები მის საკრებულოს თავმჯდომარეობას, ალბათ კი, რადგან მთელ ქვეყანაში ასე ხდება. თუმცა, მამუკას ძმის კომპანიის შემთხვევაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე მოწინააღმდეგე გამოსულიყო და ეთქვა, რომ იმის გამო დაჩაგრეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ძმას უნდა გაემარჯვა. ამიტომ გადაჭრით იმის თქმა, აგებინებდნენ თუ არა ტენდერებს, რთულია“. – გვითხრა ფრიდონ ლონდარიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის ძმის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიქიძე საკრებულოში შევიდა.
კვლევის მიხედვით, 2014–2020 წლებში მალხაზ მელიქიძის კუთვნილმა სს „XXI საუკუნემ“ 3 470 628 ლარის ტენდერი მოიგო. მანამდე კი, 2011-2014 წლებში, მხოლოდ 218 920 ლარის ჯამური ღირებულების ორი ტენდერი ჰქონდა მოგებული. “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს “XXI საუკუნის” მიერ მოგებული თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, იყო თუ არა ეს შესყიდვები კომპანიისთვის სასურველი პირობებით გამოცხადებული და ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციის შესაძლო შემთხვევებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ კვლევაში მოყვანილ მასალებს შეისწავლიან.