მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ჩინეთის საელჩოს წინ, ქუჩას ექიმ ლის სახელი ეწოდოს”

აშშ-ის კონგრესის — სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრმა რესპუბლიკელებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წინ მდებარე ქუჩას ჩინელი ექიმის, ლი ვენლიანგის სახელი მიანიჭებს, იუწყება Fox News.

ლი ვენლიანგი ჩინელი ექიმია, რომელმაც ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა. მოგვიანებით ის პოლიციაში დაიბარეს და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი. იანვრის შუა რიცხვებში ვენლიანგს კორონავირუსი დაუდასტურდა, თებერვლის დასაწყისში კი, ის დაავადებისგან გარდაიცვალა.

„ჩინეთის მთავრობამ სცადა, გაეჩუმებინა ექიმი ლი ვენლიანგი, რომელმაც დიდი რისკის მიუხედავად, გაგვაფრთხილა კორონავირუსის საფრთხის შესახებ“. — აცხადებს წარმომადგენელთა პალატის წევრი უაიმონგიდან ლიზ ჩეინი.

„დიდი პატივია, წარვადგინო კანონპროექტი, რომ ჩინეთის საელჩოს წინ მდებარე ქუჩას ექიმი ლის სახელი ეწოდოს. დაე, იყოს ეს მუდმივი შეხსენება სამყაროსთვის და ჩინეთის მთავრობისთვის, რომ სიმართლე და თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს“. — წერს ჩეინი.

ჩეინის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში უკვე დაუჭირა მხარი ოთხმა რესპუბლიკელმა. სენატში კი, ჩეინის კანონპროექტი აგრეთვე ოთხმა რესპუბლიკელმა წარადგინა: ტომ კოტონმა (არკანზასი), ბენ საშემ (ნებრასკა), მარკო რუბიომ (ფლორიდა) და მარშა ბლეკბერნმა (ტენესი).

„ჩინეთის საელჩოს წინ ქუჩის სახელის გადარქმევა უზრუნველყოფს, რომ ექიმი ლი არასდროს იქნება დავიწყებული და შეახსენებს ჩინეთის მთავრობასა და კომუნისტურ პარტიას, რომ აშშ ჩაგრულებს დაუდგება გვერდში და არა მჩაგვრელებს“. — აცხადებს რუბიო.

„კანონპროექტი პატივს მიაგებს ცხონებულ ექიმ ლი ვენლიანგს, რომელმაც მსოფლიოს COVID-19-ის შესახებ აუწყა, სანამ ჩინეთის კომუნისტური პარტია გააჩუმებდა“. — აღნიშნავს სენატორი.

მსგავსი პოსტები

Back to top button