მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად უნდა შესრულდეს”

ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად უნდა შესრულდეს. მისი განცხადებით, ამ დოკუმენტზე ხელმომწერებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რა პირობებზე თანხმდებოდნენ და აქედან გამომდინარე, შეთანხმებაზე კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს.

აშს-ის ელჩმა კითხვაზე, გიორგი რურუას საპატიმროში დარჩენის პირობებში, ჩაითვლება თუ არა 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად, განაცხადა:

“არ იქნება მართებული, კომენტარი გავაკეთო საქმეზე, რომლის განხილვაც სასამართლოში მიმდინარეობს. 8 მარტის შეთანხმება თავად განმარტავს ყველაფერს და დამატებით ახსნას აღარ საჭიროებს. მხარეებმა იციან, რა პირობებზე დათანხმდნენ. მისი სრულყოფილი განხორციელება არის ქვეყნის ინტერესებში, რადგან ეს არის მიმართული პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციისკენ.”

კელი დეგნანმა საქართველოს საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზეც ისაუბრა.

“8 მარტის შეთანხმების შესრულება საჭიროა ასევე ისეთი არჩევნებისთვის, რომლითაც იამაყებს ქართველი ხალხი. მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმა, რომ ასახოს ყველა რეკომენდაცია, რაც აქვს ეუთო-ოდირს. ეს რეკომენდაციები საქართველოს უკვე მიიღებული აქვს 20-30 წლის განმავლობაში”. – განაცხადა ელჩმა.

დეგნანმა ასევე ისაუბრა ქვეყნის გამართული მართლმსაჯულების სისტემისა და თავისუფალი სასამართლოს შესახებ, სადაც გადაწყვეტილებები ობიექტურად უნდა მიიღებოდეს.

ელჩის ვირტუალური პრესკონფერეცია შეეხო ამერიკის დამოკიდებულებას სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და იმ დახმარებას, რომელსაც საქართველო ამერიკისგან იღებს, განსაკუთრებით, კოვიდ 19-ის პირობებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button