fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ღია ცის შეთანხმება” – ბრალდებები და ვალდებულებები

450
Share Button

“რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, რითაც ცდილობდა, ყალბი პრეტენზია განეცხადებინა, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია”. – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც „ღია ცის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლის გადაწყვეტილებას ეხება.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რომ არა „ღია ცის შეთანხმების“ მონაწილე პარტნიორები, აშშ ამ შეთანხმებას დიდი ხნის წინ დატოვებდა.

„არ შეცდეთ: მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი მოვლენების ამ განვითარებასა და იარაღზე კონტროლის არქიტექტურის ნგრევის გაგრძელებაზე. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს იარაღზე ეფექტიან კონტროლს, რომელიც ხელს უწყობს აშშ-ის, მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას, რომელიც ექვემდებარება შემოწმებასა და შესრულებას და რომელშიც მონაწილეობენ პარტნიორები, რომლებიც პასუხისმგებლობით ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. თუმცა ჩვენ ვერ დავრჩებით იარაღზე კონტროლის ისეთ შეთანხმებებში, რომლებსაც სხვა მხარე არღვევს და რომლებიც აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელყოფისთვის, მისი მხარდაჭერის ნაცვლად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ შესაძლოა, მოვისურვოთ ამ გადაწყვეტილების გადახედვა, თუ რუსეთი აჩვენებს, რომ ნდობის გამყარების შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებას დაუბრუნდა, თუმცა კრემლის კურსის ამგვარი ცვლილების გარეშე ჩვენი გზა ექვს თვეში შეთანხმების დატოვებით დასრულდება“. – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებას რუსეთის სახელწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

“რუსეთი აპირებს აშშ-ის მიერ „ღია ცის შეთანხმების“ დატოვების ფაქტზე რეაგირება მოახდინოს და გადაწყვეტილების მიღებისას მოსკოვი ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს”. – განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

მან ვაშინგტონის გადაწყვეტილებას საზიანო უწოდა და აღნიშნა, რომ ამან შესაძლოა, ევროპის კონტინენტზე სამხედრო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს.

“შაბლონები იგივეა: ღია ცის ხელშეკრულების დებულებების დარღვევისთვის, რუსეთის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები”. – განაცხადა საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, რუსეთს, აშშ-სგან განსხვავებით, შეთანხმება არასდროს დაურღვევია.

„აშშ-სგან განსხვავებით რუსეთს შეთანხმება არასდროს დაურღვევია. ხელშეკრულების „დამატებული ღირებულება“ დამოკიდებული იქნება იმ რეაგირებაზე, რასაც აშშ-ის ქმედებაზე მისი ევროპელი მოკავშირეები განახორციელებენ, რომლებიც ნატოს წევრები არიან.” – აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ.

ცნობისთვის, “ღია ცის შეთანხმება” არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც საშუალებას იძლევა, ხელმომწერი ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეუიარაღებელი, დაზვერვითი დანიშნულების საფრენი აპარატების თავისუფალი ფრენა განხორციელდეს. ხელშეკრულებას 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის” წევრმა 23-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი