“სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს”

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას შეეხება, არაკორექტულს უწოდებს. ცერცვაძე თვლის, რომ არსენ ტოროსიანმა ან უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე აყენებს საქართველოში კოვიდ19-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების სისწორეს ეჭვქვეშ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიში უნდა მოიხადოს.
„არ გვგონია, რომ არსენ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მით უმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს. საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არც ერთ, აბსოლუტურად არც ერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა, თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს. იმ ფონზე, როდესაც 22 მაისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 6 302 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 77 გარდაიცვალა, სულ ცოტა, ღიმილის მომგვრელია ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია. ჩვენ ვეპატიჟებით არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში“. – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ცნობისთვის, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.