fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ანას ბაღის” მცველები უსაქმური ადამიანების ჯგუფია”

99
Share Button

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს “ანას ბაღთან” დაკავშირებით დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ანას ბაღის მცველები“ უსაქმურ ადამიანთა ჯგუფია.

მისი თქმით, „ანას ბაღს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. “ანას ბაღს” არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ზუსტად ჩვენი მერობის პირობებში, ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობისგან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, “ანას ბაღთან” არანაირი შეხება არ აქვს, პირიქით, “ანას ბაღი” კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო გაიზრდება მისი ფართი, სადაც ადამიანებს ექნებათ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება”. – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათზე, თბილისის მერიასთან „ანას ბაღის მცველთა“ და გარემოსდამცველთა ინიციატივით, აქცია ჩატარდება.

საქმე ეხება პატარა სკვერს, სახელად„ანას ბაღი“, რომელიც მოსახლეობამ თავისი ხელით ააშენა.

ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი, სხვა აქტივისტებთან ერთად, უკვე დიდი ხანია, მათ მეზობლად არსებული „ანას ბაღის“ გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე დაწესებული იყო მორიგეობა, რათა მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხებულიყო.

„ანას ბაღი“ ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის მდებარეობს. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი, ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა. მერია და კომპანია ირწმუნებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობით, სკვერს საფრთხე არ შეექმნება.

სამეზობლოს წევრებს ამ განცხადებების არ სჯერათ. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი „ბეტონის მარწუხებში“ მოექცევა და განადგურდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ანას ბაღის” აქტივისტების შუამდგომლობის საფუძველზე, აქტივისტებსა და მშენებელ კომპანიას შორის დავის დასრულებამდე, მშენებლობა შეაჩერა. თუმცა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა და ისევ საქალაქო სასამართლოს გაუგზავნა. “ანას ბაღის” აქტივისტების განმარტებით, ამით სააპელაციო სასამართლომ კომპანიას, შეჩერებული მშენებლობის აღდგენაზე, ფაქტობრივად, მწავნე შუქი აუნთო.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი