fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადების განმარტება

157

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ალინა ნიკოგოსიანი მინისტრ არსენ ტოროსიანის მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ნიკოგოსიანის თქმით, მინისტრის სიტყვები მედიამ კონტექსტიდან ამოჭრა.

„ტოროსიანმა სომხეთის და საქართველოს სისტემებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა, რაც სრულიად კონტექსტიდან იყო ამოჭრილი ადგილობრივი და ქართული მედიის მიერ“. – წერს ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი და ამის დასტურად, მინისტრის ციტატა მოჰყავს.

„არ უარვყოფ, რომ საქართველოში უკეთესი შეზღუდვები იყო დაწესებული, უფრო ძლიერი და მკაცრი. პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით, ანტიეპიდემიური სისტემა განსხვავდება ჩვენი სისტემისგან. ჩვენი ანტიეპიდემიური სისტემა უფრო ძლიერი და უფრო პროფესიულია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზობლებიც შეძლებენ გააძლიერონ საკუთარი სისტემები და ამგვარად, ჩვენც უფრო დაცულები ვიქნებით. იგივე ეხება ირანის ისლამურ რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას“. – ციტირებს ტოროსიანის განცხადებას პრესსპიკერი.

ცნობისთვის, „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

შეგახსენებთ, რომ ტოროსიანის ნათქვამმა ქართველი მედიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია. “ცოტა მეუცხოვა არსენ ტოროსიანისგან ამ ტიპის “არადიპლომატიური განცხადება”. – განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. ხოლო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული თავისი კომენტარის გამო წუხილი გამოთქვა. ამის შესახებ ზალკალიანმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი