ჩინეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი უსაფრთხოების შესახებ, ჰონგ-კონგში კვლავ აქციების მიზეზი გახდა. ასობით მოქალაქე ქუჩაში გავიდა, პოლიციამ კი, ისინი ცრემლსადენი გაზით დაშალა.
პროდემოკრატიული მოძრაობები აპროტესტებენ ახალ კანონპროექტს, რომელიც ავტონომიურ ერთეულში სეპარატისტულ მოძრაობებს და უცხო ქვეყნების მხრიდან ჩარევას კრძალავს. პროექტის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი ამით “ერთი ქვეყანა — ორი სისტემა”-ის პრინციპს არღვევს და თავისუფლების შეზღუდვას დაიწყებს.
პროტესტის მონაწილეები კვირას ერთ-ერთ ცნობილ სავაჭრო რაიონში შეიკრიბნენ. ისინი სკანდირებდნენ: “იყავი ჰონგ-კონგთან ერთად”, “თავისუფლება ჰონგ-კონგს” და “ჩვენი დროის რევოლუცია”.
ცნობისთვის, პრინციპი “ერთი ქვეყანა — ორი სისტემა”, რომელიც ჩინეთის ყოფილი ლიდერის, დენ სიაოპინის იდეას წარმოადგენს, ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, ჰონგ კონგის, მაკაოსა და ტაივანისთვის, კაპიტალისტური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის არსებობას ითვალისწინებს. ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე სოციალისტური სისტემა ფუნქციონირებს.