ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს
ხმაურია ბათუმში, სადაც საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააპატიმრეს. არსებული ინფორმაციით, უკვე 20 ადამიანია დაკავებული.
აჭარის მთავრობის სახლის წინ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობისგან მათ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ცენტრალური გზა გადაკეტეს. ადგილზე მივიდა პოლიცია და ხალხსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება დაიწყო.
საპროტესტო აქციის სამი წევრი მთავრობის წარმომდგენელს შეხვდა, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართეს და მათ მოთხოვნებზე პასუხის მისაღებად ერთსაათიანი ვადა მისცეს.
აქციის მონაწილეები 7 მაისს ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულებს უდანაშაულოებად მიიჩნევენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ოჯახის წევრებმა დღეს პირველად გააჟღერეს ორი სპორტსმენის დაკავების მოტივი. რეზო წულუკიძის ძმის მტკიცებით, ეს დაჭერა პოლიტიკური მოტივით განხორციელდა, რადგან ხელისუფლება მათ წინასაარჩევნოდ დახმარება სთხოვდა, რაზეც უარი მიიღეს. ასევე, ფირუზ წულუკიძის განმარტებით, ამ საქმეში ფიგურირებს სუს-ის მფარველობის ქვეშ მყოფი ადგილობრივი ბიზნესმენი. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულების გათავისუფლება ამიტომ არ ხდება.
მოისმინეთ ფირუზ წულუკიძის და მოჭიდავე ზურა დათუნაშვილის კომენტარები.