მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ხმაური ზუგდიდის საკრებულოში

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ინციდენტი მოხდა. ბიზნესმენი მანანა მიქავა, რომელიც უკვე წლებია გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.

ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვაზე უნდა გადასულიყვნენ, მანანა მიქავამ დეპუტატებს ამის საშუალება არ მისცა. მან საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, “ნაგავი” უწოდა და უთხრა, რომ მისი მიწის მითვისების საქმეში წოწერიას პირად დაინტერესებას ხედავს. მოქალაქე შეეცადა, საკრებულოს თავმჯდომარისთვის წყალიც შეესხა.

ბრალდებები თავად მამუკა წოწერიამ უარყო. განმარტა, რომ ბიზნესმენს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი სიმართლე სასამართლოში დაემტკიცებინა და მოუწოდა, სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის პატივი ეცა. მანვე აღნიშნა, რომ ყველას შეუძლია საჯარო რეესტრში გადაამოწმოს, ვინ არის მიწის მესაკუთრე. მამუკა წოწერიასვე თქმით, დღეს ამ მიწის გასხვისების საკითხის განხილვა საკრებულოში არ არის დაგეგმილი.

სხდომის მიმდინარეობისას დაცვის პოლიცია შემოვიდა, რომელიც შეეცადა მოქალაქე დარბაზიდან გაეყვანა, მაგრამ ის გაუძალიანდა. ხელმეორედ მისი გაყვანა უკვე სამართალდამცველებს აღარ უცდიათ.

“მე ჩემი მიწის 8 576 კვადრატული მეტრიდან მერიას დავუთმე 4 000 კვადრატული მეტრი. იმიტომ, რომ მქონდა პრობლემები და დანარჩენი რაც არის, ის უნდა დაებრუნებინათ და უნდა დამეწყო მშენებლობა. დღეს გავიგე, რომ ის 4 000 კვადრატული რაც არის, გააქვთ გასაყიდად და ჩემი რჩება ისე. ვიცი, რომ ამ 4 000 კვადრატულ მეტრს წაიღებენ და ამას ისევ სადავოდ გამიხდიან. ამიტომ, დღეიდან ვითხოვ მთლიან გაერთიანებას ამ მიწების. ერთ მტკაველს არ ვუთმობ არავის.” – უთხრა მანანა მიქავამ ჟურნალისტებს.

ბიზნესმენისვე ცნობით, ხელთ აქვს ორი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ შესრულდა და რომელიც მის სასარგებლოდ იყო გამოტანილი.

მიწის ნაკვეთი ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიაა და ის წლებია შპს “აკვაპარკს” და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დავის საგანია. მიწა მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა.

ადგილობრივი ხელისუფლება შპს “აკვაპარკს” შეუსრულებელ ვალდებულებებს ედავებოდა. მაგრამ ზუგდიდის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერიის სარჩელი და კომპანიის წარმომადგენელ მანანა მიქავას არ დააკისრა 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

მიწის დაბრუნების მოთხოვნით, ბიზნესმენმა საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button