მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

20-ლარიანი ჯარიმა პირბადის უქონლობის გამო

„ქართული ოცნების“ გუნდში ვიმსჯელეთ და გუნდის უმრავლესობის განწყობა იყო, რომ ეს 50 ლარი შეგვემცირებინა. შესაბამისად, დღეს კომიტეტზე შევამცირეთ 50 ლარიანი სანქცია და გათვალისწინებული იქნება 20 ლარი იმ შემთხვევაში, თუკი ფიზიკური პირი საჯარო თავშეყრის ადგილში პირბადის ტარების წესს დაარღვევს, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს დაარღვევს პირბადის ტარების წესს.

“ასევე, 20 ლარით იქნება გათვალისწინებული პასუხისგება, თუკი ტაქსით გადაადგილების დროს მძღოლი ან მგზავრი დაარღვევს პიბადის ტარების წესს.” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ამ ვალდებულებას დაარღვევენ და რომელთა მიერაც მოხდება საჯარო თავშეყრის, დახურულ ადგილებში ფიზიკური პირების პირბადის გარეშე დაშვება, გათვალისწინებულია 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა.

ამასთანავე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გამორიცხა შესაძლებლობა, დაჯარიმდეს ადამიანი, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება.

“სამართალი ცნობს პრინციპს, რომ როდესაც ადამიანის სიცოცხლეს სჭირდება დაცვა, ვერავინ დაავალდებულებს, რომ გაიკეთოს პირბადე. ვერავინ დააჯარიმებს იმას, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება. გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი შესაძლებლობა, რომ თუ დამატებითი საფრთხე შეიძლება შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა იყოს სხვა ისეთი ტიპის რეგულაცია, რომ ერთი მხრივ, არც დაჯარიმდეს მოქალაქე და მეორე მხრივ, არც მიმოსვლის თავისუფლება შეეზღუდოს.” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button