მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მდინარაძემ პარლამენტში ოქრუაშვილის აუდიო ჩანაწერი ჩართო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა ოპოზიცური ფრაქციების დასწრების გარეშე წარიმართა, დეპუტატებს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის აუდიო ჩანაწერი მოასმენინა:

” …სათავესთან ონკანის გადაკეტვაში… ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, ამერიკის საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას.”

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს არის მათი პასუხი, ვინც სხდომათა დარბაზში, წინა სამ რიგს უნდა იკავებდეს, მაგრამ მათ არ ისურვეს თავდაცვის მინისტრთან დისკუსია, რადგან არ აინტერესებთ, რა ხდება საქართველოს თავდაცვის სფეროში.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მე- 9 მოწვევის პარლამენტმა 2017 წელს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ჩაწერა: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

“ბატონო ირაკლი, დღეს თქვენგან მივიღეთ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია კონსტიტუციის ამ დავალების შესასრულებლად რა კეთდება, რა ღონისძიებებს ატარებს თქვენი უწყება. მე ქედს ვიხრი ყველა ჯარისკაცის და ყველა სამხედრო პირის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ეს მიზანი აღსრულდება, აქ საუბარია მხოლოდ დროზე.

“უნდა შევეხეო წინა სამ რიგს რა ვნახეთ, რომელიც დღეს იყო ცარიელი. მათ არ აინტერესებთ, რა ხდება საქართველოს თავდაცვის სფეროში. ისინი არ ერთვებიან დისკუსიაში თქვენთან და ამის მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე.

“პასუხი 1- ისინი ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და საუბრობდნენ ვითომ დასავლურად და ცდილობდნენ ეს რუსული საქმე სხვისთვის დაებრალებინათ. ბუნებრივია, დღეს ეს გაუჭირდებოდათ.

“პასუხი 2 – მათ რეალურად კითხვები თქვენთან არა აქვთ.

“პასუხი 3 – ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მათი დღევანდელი, ერთ-ერთი ლიდერი, ე. წ. პოლიტპატიმარი ასე ფიქრობს და მას მოვუსმინოთ: “…სათავესთან ონკანის გადაკეტვაში… ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, ამერიკის საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას.” – ეს არის მათი პასუხი. ეს არის მათი რეალური სახე და ეს ყოველთვის უნდა გაახსენდეთ, როდესაც ვინმეს დააბრალებენ პრორუსულობას. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ივლის იმ გზაზე, რაც მისი ინიციატივით ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ამ განცხადებებს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ახია ჩემზე, მე რომ არა ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა, ოპერად დარჩებოდა.” – აცხადებს პარტია “გამარჯვებული საქართველოს’ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრზე, ირაკლი ღარიბაშვილზე.

“ახია ჩემზე – ღარიბაშვილი ოპერად არ მივიღე ქალაქის სამმართველოში და ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა, მერე თავდაცვის მინისტრი. ანუ, რომ არა მე, ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა. ოპერად დარჩებოდა.

“კიდევ ახია – მდინარაძე დავიჭირე, გამომძიებელი იყო ვაკეში… კაბინეტში მოვიყვანე და ვუთხარი ორ კვირაში გაგიშვებ, რადგან არ გეკუთვნოდა დაჭერამეთქი (მსუბუქად მიქარა და ისე გაება) ესენი, ერთი რომ დამენიშნა და მეორე რომ არ დამეჭირა ასეთ სიმაღლეებს ვერ მიაღწევდნენ…ასე იწრთობოდა ფოლადი…” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარდგა. მოხსენების შემდეგ დეპუტატებმა მას შეკითხვები დაუსვეს და პასუხები მოისმინეს.

თავდაცვის მინისტრის მოსმენას ოპოზიციური ფრაქციების: “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები არ დასწრებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button