fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დაკავება, ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვის ბრალდებით

104
Share Button

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში უკრაინის სამი მოქალაქე დააკავეს: 1990 წელს დაბადებული პ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ხ. და 2000 წელს დაბადებული დ.პ. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართული. კერძოდ, ა.ხ და დ.პ., პ.ბ.-ს მითითებით, ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

ა.ხ.-ს და დ.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ადგილზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსის 45 აბი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს მითითებით, ადგილზე ამოღებულია სარეალიზაციოდ განთავსებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსის 25 აბი.

ბრალდებულების დროებითი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი, პოლიციამ ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსის 688 მთლიანი აბი და 21 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი