fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გარდაცვალების ფაქტი, სამართლებრივი შეფასების გარეშე

101
Share Button

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

თუმცა, ამ დრომდე, გამოძიება ვერაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი: იყო ეს უბედური შემთხვევა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა თუ განზრახ მკვლელობა. შესაბამისად, ჯერჯერობით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს, გამოძიების მხრიდან, სამართლებრივი შეფასება არ აქვს მიცემული და ყველა ის მუხლი, რომლითაც დღესდღეობით გამოძიება მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების პირდაპირ მიზეზს არ ეხება.

ასე მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს, მიესადაგა საქმის ერთ-ერთ მოწმეს, გუკა ამირხანაშვილს, გიორგი შაქარაშვილის მეგობარს, რომელიც გამოძიების თანახმად, საქმის ექვსმა ბრალდებულმა, შემთხვევის ადგილიდან, მცხეთის ტრასიდან, თბილისში, მისი ნების წინააღმდეგ წამოიყვანეს.

იგივე შეიძლება ითქვას ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებზეც. გამოძიების მასალების თანახმად, მცხეთის აგარაკზე დაწყებულ დაპირისპირებაში, გიორგიზე ფიზიკურად არავის უძალადია, რადგან ის კონფლიქტს მეგობრებთან ერთად გამოერიდა და აგარაკი დატოვა. საგამოძიებო მასალებისა და ვიდეოკამერების თანახმადვე, მცხეთის საავტომობილო ტრასაზე, საქმეზე ბრალდებული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ არა გიორგის, არამედ მასთან ერთად მყოფ რამდენიმე ახალგაზრდას. გიორგი შაქარაშვილმა გაქცევა მოახერხა, მდინარე არაგვის მიმართულებით წავიდა და მისი კვალიც იქ დაიკარგა. ოთხი დღის შემდეგ კი, მყვინთავმა-მაშველებმა ის მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ექსპერტიზის მოლოდინში

 

გაედევნენ თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელს ბრალდებულები? სდიეს თუ არა მდინარემდე? გაუსწორდნენ თუ არა მას ფიზიკურად? თვითონ ჩავარდა არაგვში თუ გადააგდეს? – ამ კითხვების შესახებ გამოძიება, ჯერჯერობით, არაფერს ამბობს.

შესაბამისად, საქმეში, ამ ეტაპზე, არ ფიგურირებს სისხლის სამართლის კოდექსის ისეთი მუხლები, როგორიცაა მაგალითად, 116-ე, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლი, 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლი ან გაცილებით მძიმე, 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი.

ანა თავხელიძე, სისხლის სამართლის იურისტი, ფიქრობს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე, უკვე არსებულ სამ მუხლთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებითაც უნდა მიმდინარეობდეს. მისი თქმით, ეს სწორედ ის მუხლებია, რომლებიც კონკრეტულად გარდაცვალების ფაქტის მიმართ უნდა გამოყენებულიყო:

„ამ დრომდე არ იკვეთება, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. ახლა ხომ მთავარი შეკითხვა სწორედ ეს არის, რამ გამოიწვია გარდაცვალება. მანამდე რა მოხდა. გვესმის, რომ ამ შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს ექსპერტიზამ და მის დასკვნაზეა ბევრი რამ დამოკიდებული, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნის გარდა, სხვა მტკიცებულებებიც უნდა არსებობდეს, რომელიც, სავარაუდოდ, გამოძიებას უკვე უნდა ჰქონდეს. საქმის სხვა ყველა ნაწილში, იქნება ეს ძალადობა თუ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, სამართლებრივი შეფასებები გაკეთებულია, გარდაცვალების ნაწილი კი, ჯერჯერობით, ღიად არის დარჩენილი.”

მირიან ნიკოლაძე, იურისტი და გიორგი შაქარაშვილის ბიძა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საქმის პირველად კვალიფიკაციას მისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, მთავარია, საბოლოოდ, რა მუხლით წარედგინებათ ბრალი ბრალდებულს ან ბრალდებულებს.

„ამისგან განსაკუთრებული ამბის შექმნა, რომ რატომ არ არის ესა თუ ის მუხლი წარდგენილი გამოძიების ამ ეტაპზე, არ მიმაჩნია სწორად. საქმის გადაკვალიფიცირება მოხდება და ეს მოხდება მას შემდეგ, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი გვექნება. რომ გითხრათ, რომ მარტო ექსპერტიზის იმედად ვართ, ამას მოგატყუებთ. უამრავ პასუხს ველოდებით, ოპერატიულ მასალებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის პასუხებს და ა.შ. ექსპერტიზის პასუხის მოლოდინი არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვსხედვართ. რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა ერთადერთი.”

ამ ეტაპისთვის, მირიან ნიკოლაძის თქმით, ოჯახი და გამოძიება, თანაბრად განიხილავს გიორგის გარდაცვალების ორ ვერსიას. ერთი ვერსიის თანახმად, გიორგი ფიზიკური ზემოქმედების შედეგად გადავარდა მდინარეში. რაც შეეხება მეორე ვერსიას, შესაძლოა, გიორგიმ ადევნების გამო, სიბნელეში, გზა ვეღარ გაიკვლია და ფატალური შეცდომის მსხვერპლი გახდა:

„ხელოვნური დასჯა და თეატრალიზებული წარმოდგენები გარდაცვლილი ბავშვის გამოყენებით, ოჯახისთვის მიუღებელი და მომაკვდინებლად მძიმეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, სხვა მასალებთან ერთად, ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და ამის შემდეგ, სრულიად მოსალოდნელია, რომ მოვლენებიც სხვაგვარად განვითარდეს“.

მირიან ნიკოლაძის თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებები და მოტეხილობები სიცოცხლეში იყო მიყენებული თუ არა და მისი გარდაცვალების მიზეზი იყო უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, საქმის კვალიფიკაციის შეცვლასა და ბრალდების დამძიმებას არ გამორიცხავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ:

„ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“.

 

აღკვეთის ღონისძიება

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, 28 ივნისს, ყველა მათგანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მათი ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ განცხადება პოლიციაში 19 ივნისს, დილით შევიდა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს, მყვინთავებმა 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული მასალები

 

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებისა და ვიდეოკადრების თანახმად, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა.

მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

 

ზარი 112-ში

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც 19 ივნისის ღამესა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხება, ეს არის 112-ში განხორციელებული ზარი ინციდენტის ადგილიდან, რომელსაც, როგორც ამ ეტაპზე ჩანს, არანაირი ქმედითი რეაგირება არ მოჰყვა.

საქმის ერთ-ერთი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ჩვენების თანახმად, რომელიც 19 ივნისის ღამეს, აგარაკიდან გიორგისთან და მის მეგობრებთან ერთად წამოვიდა, საავტომობილო ტრასაზე დაწყებული დაპირისპირებისას, მან გაქცევით უშველა თავს, ერთ-ერთ შენობაში დაიმალა, 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა, მაგრამ როგორც ის ამავე ჩვენებაში აღნიშნავს, როდესაც თავდამსხმელებმა ტერიტორია დატოვეს და ტრასაზე აღარავინ ჩანდა, მან კვლავ დარეკა 112-ში და გამოძახება გააუქმა. თუმცა, მისივე ჩვენების თანახმად, სამართალდამცავები ტერიტორიაზე მოგვიანებით მაინც მივიდნენ, რის შემდეგაც მან პოლიციას დაპირისპირების შესახებ დეტალები გააცნო და თბილისში წამოყვანა სთხოვა.

როგორ და რატომ მოხდა ისე, რომ ადგილზე მისულმა პოლიციამ, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია საავტომობილო ტრასაზე მომხდარი ინცინდენტის შესახებ, ცხელ კვალზე არ დაიწყო საქმის მოკვლევა, დეტალების მოძიება, ოქმის შედგენა და მხოლოდ და მხოლოდ, ახალგაზრდის თბილისში წამოყვანას დასჯერდა, ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას რადიო თავისუფლება შსს-გან რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობს.

რადიო თავისუფლება

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი