fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

11 316 პირდაპირი შესყიდვა საგანგებო მდგომარეობის დროს

59
Share Button

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც 21 მარტიდან 22 მაისამდე გაგრძელდა, 11 316 კონტრაქტი ტენდერის გამოცხადების გარეშე დაიდო. სახელმწიფომ სულ 127,2 მლნ ლარის მომსახურება შეიძინა, საიდანაც 35 პროცენტი (45 მლნ ლარი) “ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.

“მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს. ეს პრობლემა საგანგებო მდგომარეობამდეც აქტუალური იყო.” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე პერიოდში 1 495 ტენდერი გამოცხადდა, რომლის ჯამური ღირებულებაც 557 მილიონი ლარი იყო.

“შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა. შემცირდა კონკურენციაც.” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხელისუფლებას ხუთ რეკომენდაციას სთავაზობს:

აუდიტის სამსახურმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების მმართველ პარტიებთან კავშირებს;

შესყიდვების სააგენტომ მეტი ყურადღება მიაქციოს ტენდერის გარეშე შესყიდული მომსახურებების გამოქვეყნების საკითხს;

შესყიდვების სააგენტომ ტენდერის გარეშე შესყიდვებზე თანხმობის გაცემა გაამკაცროს;

სახელმწიფო უწყებები ვალდებული გახდნენ, გამოაქვეყნონ არგუმენტაცია, რის საფუძველზე იყიდეს მომსახურება ტენდერების გარეშე;

საეჭვო შესყიდვები ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი