fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში”

116
Share Button

“ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მოწონს ეს ვიღაცას, თუ არა.” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა იმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის იქნება წინა ხაზზე.

„მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე. ეს უკანონობა, ეს არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს და ნუ ეპყრობით მათ, რომ ისინი ჩვეულებრივი მთავრობაა, ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება, ესენი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები, ესენი არიან უცხო ძალის მიერ გაკონტროლებული. ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე, ამიტომ ჩვენ ყველგან ვმობილიზდებით, ბევრი ახალგაზრდა, ბიზნესმენი, სხვადასხვა ასაკის ხალხი იკრიბება, ძველი მებრძოლები. ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა არის ძალიან ახლოს და ამ ბრძოლაში მე ვარ ერთ-ერთი ჯარისკაცი, ასევე თქვენთან ერთად ვიქნები გამარჯვებული.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“არავის გაკვირვებია სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება, პირდაპირ ვიტყოდი, პოლიტიკური ბაქიბუქი.” – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავისი ქვეყნის წინაშე პოლიტიკური დამნაშავე და ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილია.

ამასთან, სესიაშვილის განცხადებით, სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენს და საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე საუბარი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„სააკაშვილი წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას და საჯარო მოხელეა. შესაბამისად, როცა ის საუბრობს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე, ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება, რადგან ამაზე პასუხი უკრაინას მოეთხოვება.

ეს ყველაფერი აგებულია მისი მხარდამჭერების მობილიზაციაზე, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს. ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა, პოლიტიკურ საკითხებში და მძიმეა იმის მოსმენა, როცა უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება.” – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

“მიხეილ სააკაშვილის უფლებაა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება გააკეთოს.” – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვას.

როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ასობით ათასი ქართველისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერია.

„მიხეილ სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი უამრავი, ასობით ათასი ქართველისთვის და დარწმუნებული ვარ, მისი აზრი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ის გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, ამას უსმენს ბევრი ადამიანი ქვეყანაში და მისი უფლებაა, შეფასება გააკეთოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების. პოლიტიკურ პროცესებში იმ ფორმებით ჩაერთვება, რა ფორმებითაც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფმა ადამიანმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ საქმიანობაში. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილია.” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი