fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ბატონი სააკაშვილი კერძო პირია”

91
Share Button

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის დაბარების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კერძო პირის გამონათქვამების გამო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს.

მისივე თქმით, სააკაშვილის გარშემო ვითარება სამწუხაროა, ვინაიდან, უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს პოზიციის გახმოვანების უფლებამოსილება, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არჩევნების წინ არსებულ სიტუაციაზე.

„ყოველი მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და იქ მას ბატონი სააკაშვილის განცხადებების გამო უკმაყოფილებას უცხადებენ. დისბალანსი შემდეგშია: კერძო პირი გამოდის, ხოლო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს.” – განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინას ესმის საქართველოში შექმნილი „სენსიტიური სიტუაცია“ არჩევნების წინ და აფასებს ქართველ პარტნიორებთან მეგობრობას.

„ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობები დასტაბილურდება, რადგან კერძო პირის განცხადებები ვერ დაანგრევს ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს.” – განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მაქსიმალურად მკაფიოა, „ბატონი სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოში სიტუაციასთან დაკავშირებით თავის კომენტარებში, ის არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას.”

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ “საქართველოს პრორუსული ხელისუფლების შეცვლა უკრაინის ინტერესებშია.”

„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. თუმცა, ეს ჩემი პირადი აზრია. მე არ გამოვხატავ არც პრეზიდენტისა და რაც სხვების აზრს ამასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინის ოფიციალურ საჯარო პირს არ წარმოვადგენ. ეს ჩემი პირადი პოზიციაა და ის ძალიან მტკიცეა.” – განუცხადა სააკაშვილმა სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველს ქართველად ყოფნას ვერავინ აუკრძალავს, მაშინაც კი, თუ მას უკრაინული პასპორტი აქვს და უკრაინის პატრიოტია.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას და ოქტომბერში ივანიშვილს ქართველ ხალხთან ხელჩაკიდებული დაამარცხებს. ამ განცხადების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი გამოიძახეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ უკრაინა მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და ადასტურებს თავის მზადყოფნას, განავითაროს ორმხრივი ურთიერთობა მეგობრული და კეთილმეზობლური სულისკვეთებით.

უწყების განცხადებით, არაუფლებამოსილი პირების საჯარო გამონათქვამები არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს პოზიციად.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კიდევ ერთი მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ თავს რეგიონული ლიდერი, ხოლო ბიძინა ივანიშვილს რუსეთის პროტეჟე უწოდა.

ჩვენ დავასრულებთ ჩემი სამშობლოს, საქართველოს დამცირებას და ჩემი ხალხის განადგურებას რუსეთის პროტეჟეს, ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას განვითარების სწრაფ რელსებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ პირადად მომიწევს ყველაზე მაღალი ფასის გადახდა.

“დიახ, მე ვიბრძვი უკრაინასა და საქართველოში. დიახ, მე არ ვითხოვ მაღალ თანამდებობებს არც ერთ ქვეყანაში, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ვარ რეგიონული ლიდერი და ბევრისთვის დაკავშირებული ვარ გაუმჯობესებისა და რეფორმის იმედთან.

“ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ.“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

Пару дней тому назад очень важный в моей жизни человек спросил меня, знаю ли я точно свой путь, не бросаюсь ли из…

Geplaatst door Mikheil Saakashvili op Dinsdag 14 juli 2020

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი