Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ირაკლი ოქრუაშვილი და ბუტა რობაქიძის მკვლელობა

210

ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი შს მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 22 ივლისს, 15 საათზე ჩაინიშნა. საქმეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განიხილავს.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ამ საქმეზე ბრალი, ხანდაზმულობის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, გასული წლის ნოემბერში წაუყენეს. ოქრუაშვილს რობაქიძის მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მაშინ ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

დღეს, 18 ივლისს ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის “გაცოცხლება” გადაწყვიტა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამით ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება “სახიფათოა”:

“ამ ტიპის საქმეები აქტუალობას მაშინ იძენს, როცა ეს ივანიშვილს რომელიმე ოპონენტის გასაჩუმებლად, საზოგადოების დასაშინებლად და თავისი ხელქვეითების გასამხნევებლად სჭირდება”.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამ ტიპის საქმეების შეჩერებასაც ითვალისწინებს. მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება.

ახალ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, დღეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმაც გააკეთა: “კაცი (ივანიშვილი) ერთი და იგივე ნაღმზე აფეთქების ნიჭით იყოს დაჯილდოვებული, მსგავსი არ მახსოვს. ქვეყანას აზიანებს თორემ მისი თავი ჯანდაბას.”

კაცი (ივანიშვილი) ერთი და იგივე ნაღმზე აფეთქების ნიჭით იყოს დაჯილდოვებული, მსგავსი არ მახსოვს. ქვეყანას აზიანებს თორემ მისი თავი ჯანდაბას.

Geplaatst door ირაკლი ოქრუაშვილი op Zaterdag 18 juli 2020

 

ბუტა რობაქიძის საქმე

 

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით, 19 წლის ამირან რობაქიძე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება, კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე სამართალდამცავებმა დააკავეს.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი