მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – 600 000-ზე მეტი გარდაცვლილი

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი აცხადებს, რომ კორონავირუსით უკვე 25 მილიონი ირანელი დაინფიცირდა, ხოლო კიდევ 35 მილიონს უახლოეს თვეებში ინფიცირების საფრთხე ემუქრება. ჰასან როუჰანის განცხადებას „ბიბისი“ ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება ჰასან როუჰანიმ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშზე დაყრდნობით გააკეთა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების საწოლების გაორმაგებული რაოდენობაა საჭირო.

„თუ დღეს ჩვენ დავეყრდნობით ამ ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენს ქვეყანაში 25 მილიონი ადამიანი უკვე დაინფიცირდა და სავარაუდოდ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი, დაახლოებით 30-35 მილიონი ადამიანი მომავალ თვეებში დაინფიცირდება, ამავე ანგარიშის პროგნოზით, უახლოეს თვეებში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა იქნება ორჯერ მეტი იმაზე, ვიდრე ბოლო 150 დღის განმავლობაში ვიხილეთ.” – განაცხადა როუჰანიმ.

ოფიციალური სტატისტიკით, ირანში რეგისტრირებულია კორონავირუსის 271 606 შემთხვევა, გარდაცვლილია 13 979 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 235 300 პაციენტი.

კორონავირუსის გამო, ავსტრალიის პარლამენტის სესია გადაიდო. „ბიბისის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა პარლამენტის სპიკერს მიმართა თხოვნით, გადადოს პარლამენტის ორკვირიანი სესია, რომელიც 4 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო.

ავსტრალიის პარლამენტის სხდომის განახლება 24 აგვისტოს იგეგმება.

„მთავრობა ვერ უგულვებელყოფს იმ რისკს, რომელიც პარლამენტარებს, მათ თანამშრომლებს, პარლამენტში მომუშავე პერსონალსა და უფრო ფართო საზოგადოებას ემუქრება.” – ნათქვამია სკოტ მორისონის წერილობით მიმართვაში.

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსისა და ვიქტორიის შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, რის გამო შტატებში შეზღუდვები გამკაცრდა.

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 70 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს „ბიბისი“ ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის საერთო შემთხვევების რაოდენობა 3,7 მილიონს აჭარბებს.

გარდაიცვალა 142 ათასზე მეტი ინფიცირებული.

ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ტეხასში, ფლორიდასა და არიზონაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტეხასში „კოვიდ-19“-ით 174 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან შტატისთვის რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.

woroldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 14 215 771 შემთხვევაა დადასტურებული. 600 039 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 488 370 პირი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button