fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პომპეო-გახარიას სატელეფონო საუბარი

76
Share Button

“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობისა და კოვიდ 19-ის პანდემიის საპასუხოდ, ჩვენი მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ოქტომბერში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

„ის მიესალმა კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით ზუსტად განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაგრძელების, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის მნიშვნელობას.“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, მაიკ პომპეომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერაც გამოხატა.

„მაიკ პომპეო დაეთანხმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას იმაში, რომ რუსეთმა დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები უნდა შეწყვიტოს და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად უნდა შეასრულოს.“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გიორგი გახარიასთან გამართული საუბრის შინაარსზე, მაიკ პომპეომ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც ისაუბრა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და რუსული ოკუპაციის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც პრემიერი “ტვიტერზე” წერს, მან ხაზი გაუსვა ქვეყნის ვალდებულებას, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი.

“სასიამოვნო იყო საუბარი მაიკ პომპეოსთან აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ახალ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. მას მადლობა გადავუხადე კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიმართ და ამ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი.” – წერს გახარია “ტვიტერზე”.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მთავარი გზავნილი პრემიერთან საუბრისას, გაფრთხილება იყო, რომ არ გაბედონ არჩევნების გაყალბება. როგორც გოცირიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, ამაზე მიუთითებს თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

“პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შორის საუბრის შემაჯამებელი შინაარსი გამოქვეყნდა ტვიტერზე. ეს იყო ძალიან მოკლე და ნიშნავდა შემდეგს: არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები! მორჩა, ეს იყო მისი განცხადება ტვიტერზე. შემდეგ როცა მთავრობა ამბობს, რომ საუბარი იყო ამაზე, იმაზე, დიახ, ეს დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია: გამარჯობა, როგორ ხართ? ინფექცია როგორ გადაიტანეთ? ჩვენები პასუხობენ: გმადლობთ, კარგია, რომ ფული მოგვეცით ინფექციის საწინააღმდეგოდ. მთავარი რაც იყო და რისთვისაც შედგა ეს საუბარი, გამოქვეყნდა ტვიტერზე. იქნება უმკაცრესი დაკვირვება აშშ-ის მხრიდან არჩევნებზე და იმ შემთხვევაში, თუ დაინახეს, რომ არჩევნები ტარდება უსამართლოდ, მას ექნება უმწვავესი და უმკაცრესი შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ. გარდა ამისა, იყო საუბარი სასამართლოს არასწორ მუშაობაზე, მაგრამ მთავარი შინაარსი, როგორც აღვნიშნე, იყო, რომ არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება. ნუ იქნება ძალადობა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, – ეს იყო საუბრის მთავარი შინაარსი.” – განაცხადა გოცირიძემ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი