NATO-ს 74-ე შეხვედრასთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს სხვადასხვა მოლოდინები აქვთ
საქართველო ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 74-ე შეხვედრასთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს სხვადასხვა მოლოდინები აქვთ. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ვილნიუსის სამიტი საქართველოს რეალურად არაფერს მოუტანს, რადგან მათი მტკიცებით, ქვეყანამ ამ მიმართულებით არც არაფერი მოითხოვა. მმართველი გუნდი კი NATO-გან მეტი თანადგომის მოლოდინშია.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საკუთარ ღია წერილში წერს, რომ დღეს, NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან არ არსებობს.
მისი თქმით, საქართველო-NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ ნატო-ს მიდგომაში ცოტა რამ თუ შეიცვალა.
“მართალია, საქართველო-NATO-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა NATO-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა,” – ახადებს შალვა პაპუაშვილი.
ნატო-ს საზღვრები მართლაც მშვიდობის საზღვრებია, ოღონდ ამას გაფართოება სჭირდება, მხოლოდ დაპირებები წამახალისებელი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც არ აინტერესებს საერთაშორისო სამართალი და მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს საზღვრების გაფართოება მშვიდობის გაძლიერებას ნიშნავს.
„ნატო-ს თითოეული სამიტი ახალი შესაძლებლობაა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ამას დასკვნების გამოსატანად უნდა იყენებდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე ზუსტად სვამს იმ აქცენტებს, რაც საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია. ნატო-ს საზღვრები მართლაც მშვიდობის საზღვრებია, ოღონდ ამას გაფართოება სჭირდება, რადგან, სამწუხაროდ, მხოლოდ დაპირებები წამახალისებელი იქნება ისეთი აგრესორისთვის, როგორიც რუსეთია და რომელსაც საერთაშორისო სამართალი არ აინტერესებს, ორიენტირებულია მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე. არსებული პოლიტიკა გადასახედია იმ ჭრილში, რომ, საერთაშორისო თვალსაზრისით, ნატო-ს საზღვრების გაფართოება მშვიდობის გაძლიერებას ნიშნავს. ორი აქტორია, ვინც საუბრობს, რომ საქართველო ნატო-ს არ იმსახურებს და არ შეიძლება, ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს: საზღვარგარეთ არის რუსეთი, ქვეყნის შიგნით – რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“. მათ დღესაც გააკეთეს განცხადება, რომ თურმე ჩვენი ქვეყანა ნატო-ს წევრობას არ იმსახურებს. ამით შეურაცხყოფას აყენებენ სამხედროებს, ვეტარანებს, ვინც საერთაშორისო უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ. სადამდე მიიყვანთ მათ ასეთი არჩევანი, ამას ვნახავთ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს მიერ მრავალი წლის წინაა შესრულებული პირობები და ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ალიანსზეა დამოკიდებული.
„საქართველო ნატო-სთან მიმართებით პირნათელია და ყველა პირობა შესრულებულია, რაც ნატო-ს სტანდარტებთან არის დაკავშირებული. როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო პრაქტიკულად თავსებადია ნატო-სთან და ევროკავშირთან, თუმცა ასევე დაფიქსირდა ისიც, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. უკრაინაში ომი როცა მიმდინარეობს, ნატო-ს ხელმძღვანელობას მაინც ფრთხილი პოლიტიკა აქვს. ბუნებრივია, საქართველოს მიმართაც არის ფრთხილი პოლიტიკა, რადგან, სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებულია, მათ შორის საერთაშორისო მისიებში ჩვენი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ და მათ სიცოცხლე აქვთ გაღებული. რამდენჯერაც მივედით ღია კარის პოლიტიკამდე, ჩვენ თვალწინ ეს კარი დაიხურა. როგორც ჩანს, ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ აქვთ მიღებული, რაც დამოკიდებულია მხოლოდ მათზე. საქართველოს მხრიდან არა მხოლოდ ახლა, არამედ მრავალი წლის წინაა შესრულებული პირობები და ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ოთხი დიდი სახელმწიფო ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას – ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
სააკაშვილის თქმით, NATO-ს მიერ უკრაინისთვის MAP-ის მოთხოვნის გაუქმება გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს.
„NATO-მ უკრაინას MAP-ის მოთხოვნა მოუხსნა, რაც გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ნიშნავს. ოთხი დიდი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, ახლავე აძლევს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს, არადა 2008-ში საქართველო ექაჩებოდა უკრაინას.
ახლა უწელეთ ელარჯი ტიუმენიდან ჩამოსულ სისხლისმსმელ ველურებს და თვალებში უყურეთ, იქნებ დაგინდონ და თქვენც არ შეგჭამონ დესერტად“,- აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.
„ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ მათი ქმედებებით არათუ სადმე ახალ ადგილზე მიგვიღებენ, არამედ იმის მეშინია, სადაც ვართ, იქიდან არ გამოგვაგდონ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას აჩვევენ, თითქოს სხვა არის დამნაშავე, რომ თავად არ ვარგიან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში წევრობას იმსახურებს, თუმცა მთავრობა, საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, არაფერს იმსახურებს.
„ისე ვექცევით საერთაშორისო პარტნიორებს და ისეთ კანონებს ვიღებთ, ვერავის გაამტყუნებ, საიდანმე რატომ გამომაგდე და არ მიმიღეო. საქართველო ყველაფერს კარგს იმსახურებს, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობასაც, ერთ სულ მოსახლეზე ასი ათას დოლარსაც, მაგრამ თუ ჩვენს მთავრობას შეხედავთ, არაფერს იმსახურებს და გააჩნია, როგორ შეგვამოწმებენ – მთავრობის სიყვარულით თუ ხალხის პატივისცემით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
სამწუხაროა, რომ ვილნიუსში საქართველო მაღალი რანგით არ არის წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ამას თავისი მიზეზები აქვს. საქართველომ ნატო-სა და ევროკავშირის არჩეულ გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ალიანსში გაწევრიანებისთ მეტად დაცული იქნება.
„ნატო-ს კონტექსტში უკრაინასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ანტიუკრაინული და ანტიქართული განცხადება. ე.ი. ნატო ყოფილა ომის მთავარი საფუძველი. რუსეთი უკრაინას ნატო-ს გამო კი არ დაესხა თავს, ნატო-ში რომ არ არის, მაგიტომ. უკრაინას 2022 წელს დაესხა თავს, საქართველოს – 2008 წელს. სწორედ იმიტომ გვინდა ნატო, რომ საქართველო ისე იყოს დაცული, როგორცაა მილიონნახევრიანი ესტონეთი, რომელსაც რუსეთი საზღვარზე ჩიტს ვერ აუფრენს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ნატო-სა და ევროკავშირს დავშორებულიყავით. ის ქვეყნები, რომლებიც ამ გზაზე გაცილებით უკან იყვნენ, მოლდოვა და უკრაინა, დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური კამპანიით დასავლელი პარტნიორების ნდობა დაკარგა.
„აშკარა პრორუსული დამოკიდებულებაა რუსეთ-უკრაინის აგრესიის ფონზე – კეთდება ანტიუკრაინული განცხადებები, მიმდინარეობს ოპოზიციის დევნა და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა. მთლიანობაში, ეს ყველაფერი ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა და საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, რაც ჩვენი პარტნიორებისთვის შეუმჩნეველი არ არის.
„ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკა აწყობილია პარტიულ ინტერესებზე, ასევე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მსახურებაზე. ახლა გაახსენდათ, თურმე პარტიულ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს. რომელი საქვეყნო ინტერესები დააყენეს კლანურ ინტერესებზე მაღლა? ოლიგარქიული მმართველობა შეუმჩნეველი არავის რჩება. საქართველოს არ მართავს „ქართული ოცნება“, მართავს არაფორმალური მმართველი. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან პროცესები აღქმული იყოს, როგორც პროგრესის შემქმნელი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
2023 წლის 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატო-ს სამიტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელშიც ასევე მონაწილეობენ შვედეთის (ალიანსში მიწვეული ქვეყნის სტატუსით), ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები.
„სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და პერსპექტივები. სამიტზე ასევე დადასტურებული იქნება ალიანსის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერასა და ნატო-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ პრიორიტეტულობას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ნატოს მთავარი თემა უკრაინაა
შეგახსენებთ, NATO-ს შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვაშინგტონმა თბილისის მორიგი მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ურყევ პარტნიორად რჩება და რომ მის ჩრდილო-ატლანტიკურ სწრაფვას თეთრ სახლში ემხრობიან.