fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“სადაც გარდაცვლილი იპოვეს, არ იყო”

232
Share Button

მაწევანში მცხოვრები ეკატერინე ელბაქიძე აცხადებს, რომ გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილი, საკუთარი ავტომობილით, სოფელში დაინახა.

მისი თქმით, ამის შემდეგ პოლიციას მიმართეს და სამძებრო სამუშაოებიც ჩატარდა, თუმცა ავტომობილი იმ ტერიტორიაზე არ იყო, სადაც 22 ივლისს იპოვეს.

„როდესაც გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღეს შევნიშნეთ, რომ მანქანით გამოიარა ამ გზით. ამის მერე სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და იმ ადგილას, სადაც გარდაცვლილი იპოვეს, არ იყო, მერე შენიშნეს. ამის შემდეგ ვუთხარით უფროსებს და პოლიციასაც მივმართეთ. შემდეგ სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს, რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და იმ ადგილას, სადაც იპოვეს გარდაცვლილი, არ იყო იქ თავიდან არაფერი. ზუსტად იმ ადგილზე იყვნენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ეძებდნენ და არაფერი შეუნიშნავთ. ბოლოს იპოვეს იქ, გარდაცვლილი. როდესაც გამოაცხადეს, რომ დაიკარგა, იმ დღეს გარდაცვლილი არ იყო, ეს ზუსტად ვიცი.” – აცხადებს ეკატერინე ელბაქიძე.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, რომ ეკატერინე ელბაქიძის შესახებ პირველად გაიგო. მისი თქმით, ელბაქიძის ჩვენება საქმეში არ დევს.

„პირველად გავიგე ამის შესახებ. არანაირი ამდაგვარი ინფორმაცია არ გამაჩნია. არც საქმეში არ დევს. ალბათ, ამის თაობაზე გამოძიება დაინტერესდება და მოისმენს ამ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას.” – განაცხადა რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყეს.

ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

რამიშვილის განცხადებით, სკანირების პროცესს შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

„აღნიშნული პერსონალური კომპიუტერის სკანირება დაიწყეს, რომელსაც ალბათ რამდენიმე დღე დასჭირდება. ყოველი შემთხვევისთვის, აბსოლუტურად გამოყენებული იქნება ყველა ის მეთოდი და პროცედურა, რაც საჭირო იქნება აღდგენისთვის. თუ რამე ფაილებია, რომლებიც ოდესმე წაშლილი იყო, ყველაფერი იქნება აღდგენილი და ვნახოთ, რა ინფორმაცია იქნება შიგნით. შემიძლია გითხრათ, რომ შესაძლებელია, საინტერესო რამ იქნას მოძიებული და დეტალურად გვეცოდინება, როდის იყო ბოლოს ჩართული და ყველაფერი ეს გადამოწმებული იქნება.” – აცხადებს მიეხეილ რამიშვილი.

ასევე რამიშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა კომპიუტერი 19 ივლისს წიღეს.

რამიშვილი საქმეში 22 ივლისს ჩაერთო და მან ითხოვა, რომ კომპიუტერი მის გარეშე არ გახსნილიყო, თუმცა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს ეჭვები აქვს, რომ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი მანამდე გაიხსნა.

„იყო საუბარი, რომ ეს უნდა ყოფილიყო დალუქული. იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული პერსონალური კომპიუტერი წაღებული იქნა 19 ივლისს, როდესაც უკვე განცხადებით მიმართეს პოლიციას და აქ იყო შემოტანილი, 22-ში უკვე ეს იყო გახსნილი.

“22-ში ჩავერთე მე, ჩემი ორდერი ჰქონდათ პოლიციაში და მე მათ ვუთხარი, რომ არ მოეხდინათ კომპიუტერის გახსნა, გახნსა მომხდარიყო ჩემი თანდასწრებით და მერე მომხდარიყო ყველა იმ პროცედურის ჩატარება, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ რამე კითხვის ნიშანი არ გაჩენილიყო.

“მაშინ მითხრეს, რომ აუცილებლად ესე მოხდებოდა. ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული მაინც. ბოლომდე როცა დავრწმუნდები, მერე უფრო მშვიდად ვიქნები, რომ ხო არ მოხდა წინასწარ შესვლა ან რამე ამდაგვარი ქმედება.” – აცხადებს რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. ამ საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ პირველადი დათვალიერებით, ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდა ამისა, ითქვა, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი