კრიმინალიმნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვეს. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

საძაგლიშვილის თქმით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ, მიუხედავად იმისა, რომ არც სააპელაციო სასამართლოს მიმართ აქვთ ნდობა, რადგან იქაც ბიძინა ივანიშვილის მონა-მორჩილი მოსამართლეები არიან.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, სასამართლო ხელისუფლება უკვე აღარ არსებობს.

“ივანიშვილს, პირველ რიგში, ძალიან ძვირი დაუჯდება ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე.” – განაცხადა მან.

სამადაშვილის თქმით, რურუას გაცილებით ნაკლები დრო დარჩა გასატარებელი საპატიმროში, რადგან ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვლება და ახალი მთავრობა შექმნის ისეთ გარემოს ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პატიმრები აღარ იარსებებენ.

მოისმინეთ სალომე სამადაშვილის ხმა.

როგორც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ელენე ხოშტარია ამბობს, მთელი სასამართლოს განმავლობაში მტკიცდებოდა, რომ რურუა არის სისტემის მსხვერპლი, რადგან ყველა მტკიცებულებით, მას იარაღი ჩაუდეს.

“ცხადია, ეს უნდოდათ პოლიტიკური დაშინებისთვის. და როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნაზე და სასამართლოს პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ეპყრობა კონკრეტულ ადამიანს, ასეთი სასამართლო არც ერთ ადამიანს არ უნდა, სასამართლო, რომელიც ემსახურება მონურად პოლიტიკურ გუნდს, ამიტომ ეს იქნება, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც “ქართული ოცნება” უნდა წავიდეს”. – ამბობს ელენე ხოშტარია.

ხოშტარია ასევე საუბრობს პომპეოს და ასევე სხვა საერთაშორისო აქტორების მიერ გიორგი რურუას მიმართ ბიძინა ივანიშვილისთვის გაკეთებული მითითებების შესახებ.

მოისმინეთ ელენე ხოშტარიას ხმა.

“მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას!” – ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა გიორგი რურუამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

https://www.facebook.com/ruruag/posts/10220767221804623

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებები პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ, რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button