Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ირმა ინაშვილი: “პირველ ადგილზე ვართ ჩვენ”

168

“პირველ ადგილზე ვართ ჩვენ” – “პატრიოტთა ალიანსი” IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს. პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი პარტია პირველ ადგილზეა და “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” უსწრებს.

“დღეს ჩვენ წარმოვადგენთ აუდიო გამოკითხვის მარტი-აპრილის შედეგებს. საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას ან ვის კანდიდატს დაუჭერთ მხარს. პირველ ადგილზე ვიყავით ჩვენ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და აქვე გეტყვით, რომ ამ ადგილს დღესაც ვინარჩუნებთ. მეორე ადგილზე იყო “ქართული ოცნება”. ყველა ეს ჩანაწერი გადაეცემა ეუთოს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს საქართველოში.”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხება. კვლევა პოლიტიკური პარტიების რეიტინგსაც მოიცავს.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე “ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას (პირველი არჩევანი)?” გამოკითხულთა 3% აცხადებს, რომ ხმას “პატრიოტთა ალიანსს” მისცემდა.

კვლევა IRI-ს კვლევების და გამოკითხვების ცენტრის სახელით, დოქტორმა რასა ალიკაუსკენემ 2020 წლის 4 ივნისისა და 2 ივლისის პერიოდში ჩაატარა, Baltic Surveys / The Gallup Organization–დან. საველე სამუშაოები კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა სტარტიფიცირებული მრავალსაფეხურიანი ალბათობითი შერჩევის, სახლში ჩატარებული პირისპირ ინტერვიუს გზით. მონაწილეობდა 1 500 საარჩევნო ხმის უფლების მქონე რესპონდენტი, რომელთა ასაკი 18 წელი და მეტია. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. ცდომილება პლუს/მინუს 2,5%–ს შეადგენს, პასუხების პროცენტი კი, – 66%–ს. კვლევა ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი