Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას სტიქიით დაზარალებულების დახმარებისკენ მოუწოდებს

182

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის ზარალის ანაზღაურებას სთხოვს, – ამის შესახებ დღეს, თელავში, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველმა მედიას ნაციონალური მოძრაობის მიერ აღწერილი, 16 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და დაზიანებული ფართობის ოდენობა გააცნო და ხელისუფლებისგან სასწრაფო რეაგირება მოითხოვა.

„სტიქიამ ისე დააზაიანა ორი მუნიციპალიტეტი, რთველი ფაქტობრივად აღარ გაიმართება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს ვიდეოები, სადაც ისინი საუბრობდნენ, რომ დაზღვევამ დაიწყო ზიანის ანაზღაურება. მოსავალი დაზღვეული აქვს მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტს. ვითხოვთ კატეგორიულად, სასწრაფოდ დაიწყონ ზიანის ანაზღაურება“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა შესაბამისი დოკუმენტაცია ზარალის შესახებ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას ჩააბარა.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას არ უპასუხეს.

ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებული ალტერნატიული აღწერით, 16 ივლისის სტიქიის შედეგად, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სულ 1160 ჰექტარზე არსებული სხვადასხვა კულტურაა დაზიანებული.

ნაციონალურმა მოძრაობამ სტიქიით მიყენებული ზიანის აღწერა 20 ივლისს დაიწყო.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი