fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მკვლელობის ინსცენირება და ბრალდებულის შიმშილობა

124

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების, არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს. პროცესს თვალყურს მედია ადევნებდა.

ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის 5 ეპიზოდი გაითამაშეს.

ტრაგიკული ღამის მოვლენების ინსცენირებაში მონაწილეობდა რამდენიმე პირი, რომელიც საქმეში არ ფიგურირებს, თუმცა ადვოკატების განცხადებით, ექსპერიმენტში ჩართვა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში არსებული ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია.

როგორც ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, თეიმურაზ მაისურაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მეორე ექსპერიმენტით დგინდება, რომ თუ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილსა და ვახტანგ ახვლედიანს ბრალდებულები ახლო მანძილით მისდევდნენ, ისინი მხოლოდ ახვლედიანსა და ამირხანაშვილს დაინახავდნენ.

თეიმურაზ მაისურაძე

“თუ მართლა ახლო მანძილში მისდევდნენ ამ სამ პიროვნებას, მაშინ მდევარი ადვილად დაინახავდა, ვინ სად დაიმალა, ვერ დაინახავდნენ შაქარაშვილს, საით გაიქცა. დაინახავდნენ ახვლედიანს და ამირხანაშვილს. არ გაეკიდებოდნენ იმას, ვისაც ვერ ხედავდნენ. ადვილად მიაგნებდნენ როგორც ამირხანაშვილს, ისე ახვლედიანს. კიდევ ერთი ექსპერიმენტი, ხილვადობის არქონის გამო, პრაქტიკულად, შეუძლებელია. არაგვის ხიდის ქვეშ არაფერი არ ჩანს. თუ შაქარაშვილი იქ ჩავიდოდა, ის აუცილებლად დაგორდებოდა, დაუზიანდებოდა პერანგი, ხელები, თავი, რასაც არც ერთი ექსპერტიზა არ ადასტურებს. შაქარაშვილი მდინარის პირას ვერ მივიდოდა. გამაოგნებელია ეს დრამატურგია გამოძიების, რომ წყალში უნდა შეხვიდე, რომ ჩანთა დადო ჯებირზე. გამოდის, რომ შაქარაშვილი წყალში შევიდა და ჯებირზე, მაღლა დადო ჩანთა?

“იცოდნენ, რომ ეს არაა ამომწურავი ექსპერიმენტი, სულ მალე გვექნება სიურპრიზი ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.” – განაცხადა მაისურაძემ.

იაკობ ბრეგვაძე

როგორც არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები აბსურდულს გახდის მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და ბრალდების მხარე თავად შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს.

“უპირველესად, ჩვენ ჩავატარეთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 20 ივნისით მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, სადაც იგი მიუთითებს, რომ მან დაინახა “ტოიოტა ქამრით” მოსული სამი პიროვნება, რომელიც 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა ამ ადამიანებს.

ვასილ მამულაშვილი

“ინსცენირება მოვახდინეთ და აღვადგინეთ ეს რეალურ დროში, გამოვიყენეთ ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც საქმეშია განთავსებული და დადასტურდა, რომ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ცრუ, შესაბამისად, მის მიერ მომავალში მოწოდებული ინფორმაციაც იქნება დაუშვებელი მტკიცებულება. ასევე ჩავატარეთ ექსპერიმენტი იმ შესაძლო ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელსაც არჩილ გაგნიძის ადვოკატები არ ვიცნობთ. ეს არის 2 აგვისტოს ჩვენება, სადაც ის თითქოს მიუთითებს, რომ ხიდის დაახლოებით 60-70%-ით გავლის შემდეგ მან დაინახა ორი პიროვნება, რომელიც მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ არ არიან ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ორი ცდა ჩავატარეთ და დადასტურდა, რომ შეუძლებელია ბუნებრივი განათების პირობებში რაიმე დაენახა, არა პიროვნებები, არამედ სილუეტებიც კი. კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, რამდენად ექნებოდათ მდევრებს შესაძლებლობა, დაენახათ 30-50 მეტრის დაშორებით ამირხანაშვილი, ახვლედიანი და შაქარაშვილი და ამით დადასტურდა, რომ თუ 30-50 მეტრის და ასევე, 100 მეტრის დაშორება იქნებოდა, მდევრებს თავისუფლად შეეძლებოდათ ამ პირების დანახვა.

“ბოლო ექსპერიმენტი გვქონდა დაგეგმილი ხიდის ქვეშ იმ რთულ რელიეფზე პირების გადაადგილებისა, თუმცა ამ ექსპერიმენტის ჩატარება ობიექტური მიზეზებით ვერ განხორციელდა, დავიცავით მონაწილე პირების ჯანმრთელობა და ეს ექსპერიმენტი შეწყდა ხილვადობის არარსებობის გამო.”- განაცხადა მამულაშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრისას მას უთხრეს, რომ მისი შვილის, ზ.ხ.-ს ინტერებიდან გამომდინარე, მან მედიასთან კავშირი უნდა შეწყვიტოს.

თამაზ ხომასურიძე

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, როგორც მას უწყებაში განუმარტეს, მედიასთან ურთიერთობისას, მისი შვილის უფლებები დაირღვევა.

„გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე ამიხსნეს, რომ მედიასთან კავშირი უნდა შევწყვიტო, ისევ ჩემი შვილის ინტერესების გამო. 2 თვის განმავლობაში, როდესაც ჩემი შვილი არასრულწლოვანი იყო, ხომ მიდიოდა საუბარი ტელევიზიაში ჩემს შვილზე. ახლა, ბოლო წამებში აღარ შეიძლება, უკვე საუბარი?! ვერ ვხვდები.” – განაცხადა ხომასურიძემ.

მისივე თქმით, მას ხვალიდან ყველა იმ არასრულწლოვნის მშობელი შეუერთდება, ვინც „ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა.

„3 დღე ჩვეულებრივ ვიშიმშილებ, სამი დღის შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ. ხვალ ყველა სხვა მშობელი შემოგვიერთდება.” – განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

მოისმინეთ თამაზ ხომასურიძის ხმა.

გიორგი შაქარაშვილი

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი