ახალი ამბებიმნიშვნელოვანი

მატანის კულტურის სახლის რებილიტაცია შესაძლოა გადაიდოს

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც სოფელ მატანის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა, შესაძლოა ჩაიშალოს.

1 700 731 ლარის ღირებულების ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ 6 ივლისს გამოაცხადა. მისი შესრულების სურვილი ორმა კომპანიამ შპს „ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“-მ და შპს „მეტალ+“- მა გამოთქვეს.

როგორც რადიო ჰერეთთან საუბრისას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის დარჩენილია მხოლოდ ერთი მონაწილე „მეტალ+“, რადგან „ამხანაგობა მენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“-მ სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

„ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“-ს მიეცა დისკვალიფიკაცია, რადგან სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. ველოდებით „მეტალ პლიუსის“ დოკუმენტაციას და იმ შემთხვევაში, თუ ის სრულყოფილი იქნება, უკვე თვის ბოლოს გვექნება ხელშეკრულება და შევძლებ უფრო მეტად კონკრეტული კომენტარის გაკეთებას“, – განაცხადა რადიო ჰერეთთან იოსებ ქარუმაშვილმა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება 2 წლის ვადაში მოახდინოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია.

რაც შეეხება კომპანია „მეტალ +“-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შექმნილი ვებგვერდის,  ტენდერების მონიტორის (tendermonitor.ge) ინფორმაციით, არსებობის მანძილზე მონაწილეობა სულ მიღებულ აქვს 62 ტენდერში, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 77% წაგებული აქვს. შესრულებული აქვს მხოლოდ 6 ტენდერი, ხოლო მიმდინარე 7 ტენდერი, კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების 2% კი შეუმდგარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button