მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ტესტირებები და კვლევები საქართველოს რეგიონებში

ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე ორი ადგილის მოწყობა იგეგმება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას, რომ ნებაყოფლობით ადამიანებს შევთავაზოთ, რათა გავიგოთ, ტრიალებს თუ არა ინფექცია აჭარაში.” – თქვა მან.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი ქობულეთის ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს დაუდასტურდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გადაწყვიტა, რომ ტესტირების არეალი გაფართოვდეს და ამ სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს.

კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის კიდევ ერთ მკვიდრს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალ პაციენტს კონტაქტი არ ჰქონია კაფე „ჰავანის“ ინფიცირებულ თანამშრომელთან, ან მისგან დაინფიცირებულ პირებთან.

ახალი შემთხვევის წყაროს დასადგენად, ეპიდკვლევა მიმდინარეობს. მასთან კონტაქტის მქონე 23 პირი თვითიზოლაციაშია. აღებულია 40 ნიმუში. ლაბორატირიული კვლევის შედეგები ხვალ გაირკვევა.

ქობულეთის კაფე „ჰავანის“ თანამშრომელს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდასტურდა. მომდევნო ორ დღეში კორონავირუსი დაუდგინდა მასთან კონტაქტის მქონე კიდევ 4 პირს.

საქართველოში კორონავირუსზე სეროპრევალენტობის კვლევა​ ტარდება​. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კვლევა 17 აგვისტოს დაიწყო, შეირჩა ოთხი მუნიციპალიტეტი: ქობულეთი, ხელვაჩაური, მარტვილი და ბორჯომი. მკვლევრები 1 200 ადამიანს სისხლის ანალიზს ჩაუტარებენ და დადგინდება, აქვთ თუ არა იმუნოგლობელინი G, რისი არსებობაც კორონავირუსის გადატანას დაადასტურებს.

“ამ ტიპის კვლევები გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება. ეს გვაძლევს ინფორმაციას ქვეყანაში ინფექციის ცირკულირების შესახებ.”- თქვა გამყრელიძემ.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 3-ის ინფიცირების წყარო ჯერ დაუდგენელია. აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე 10-მდე შემთხვევაა, როცა ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა.

19 აგვისტოს დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 1 361 შემთხვევა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 1 098. COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button