fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბელარუსში კიდევ ერთი დემონსტრანტი დაიღუპა

170

ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებისას კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა დაადასტურა. 43 წლის გენადი შუტოვი მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს, 19 აგვისტოს გარდაიცვალა. ის ქალაქ ბრესტიდან იყო.

ბელარუსში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაპორტალის, TUT.BY-ს თანახმად, შუტოვს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, ქალაქ ბრესტში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო დემონსტრაციის მიმდინარეობისას, თავში ესროლეს.

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილის ნათესავები მოწმეზე დაყრდნობით ამბობენ, რომ შუტოვი პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევდა და არც კონფლიქტში მონაწილეობდა, ის უბრალოდ, გადაადგილდებოდა. ვარაუდობენ, რომ სროლა მისი მისამართით, სახურავიდან განხორციელდა.

“ნათესავები გენადი შუტოვს ორი დღის მანძილზე ვერ პოულობდნენ. გაირკვა, რომ ის პირველად ბრესტის რეგიონულ ჰოსპიტალში მოათავსეს, შემდეგ კი, ვერტმფრენით გადაიყვანეს მინსკში. მისმა ქალიშვილმა TUT.BY-ს უთხრა, რომ მამამისს ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა, დაზიანებული იყო ტვინი და ექიმები ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ.”

გამოცემის თანახმად, შუტოვი დღეს, 19 აგვისტოს, ადილობრივი დროით 10:20 საათზე დაიღუპა.

მანამდე, პოლიცია იუწყებოდა, რომ სამართალდამცავებმა ბრესტში 11 აგვისტოს მიმდინარე აქციაზე ცეცხლი გახსნეს, რათა თავი დაეცვათ “აგრესიულ მოქალაქეთა ჯგუფისგან არმატურებით ხელში”. პოლიციამ მაშინ ერთი ადამიანის დაჭრა დაადასტურა, თუმცა უცნობია, იყო თუ არა ის გენადი შუტოვი.

დღესვე, მინსკის ტრაქტორების ქარხანასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისთვის ორი ადამიანი დააკავეს.“

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეკრებილი ადამიანები გააფრთხილა, რომ ისინი კანონს არღვევენ და დაშლა სთხოვა. ზოგიერთი მოქალაქე აღნიშნულ თხოვნას არ დაემორჩილა.” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბელარუსში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით, პროტესტი 10 დღეა გრძელდება. ამავდროულად, გაფიცვას აგრძელებენ არაერთი ქარხნის მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი.

ყველაზე მასშტაბური აქციები მინსკსა და სხვა ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. 17 აგვისტოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეულმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც თქვა, რომ მზადაა, გახდეს ეროვნული ლიდერი.

ტიხანოვსკაია ამჟამად ვილნიუსში იმყოფება. თანაგუნდელების თქმით, მას ქვეყნა იძულებითა და ზეწოლით დაატოვებინეს.

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.

ბელარუსის არჩევნების შედეგებს ევროკავშირის ქვეყნები და დასავლეთის სხვა რამდენიმე სახელმწიფო არ აღიარებს.

მიმდინარე პერიოდში ლუკაშენკო მინიმუმ ორჯერ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის მიზანი ქვეყანაში ისეთი წესრიგის დამყარებაა, რომელსაც გარე მოთამაშეები თავიანთთვის მომგებიანად თვლიან.

სერგეი ლავროვი

მისივე თქმით, არავინ მალავს, რომ საქმე ეხება გეოპოლიტიკას და პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ბრძოლას.

„არავინ მალავს, რომ საქმე ეხება გეოპოლიტიკას და პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის ბრძოლას. რაც ახლა ევროპის დედაქალაქებიდან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან გვესმის, არა ალექსანდრ ლუკაშენკოს, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას, არამედ გეოპოლიტიკას ეხება.” – აღნიშნა ლავროვმა Россия 1-თან ინტერვიუში.

მან იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსი საკუთარი შიდა პოლიტიკის საქმეებს თავად მიხედავს.

ალექსანდრ ლუკაშენკო უშიშროების საბჭოს სხდომაზე

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით კი, ოპოზიცია, რომელმაც ხელისუფლების გადაბარების საკოორდინაციო საბჭო შექმნა, უკვე თანამდებობებს ინაწილებს. გამოცემა Belta.by-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„შეიქმნა ე.წ. შავი ასეული, რომელმაც ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, ე.წ. ოპოზიციის შტაბი. საოცარია, რომ ისინი უკვე რიგში დგანან და პორტფელებს ინაწილებენ. „შავი ასეულის“ პატივცემულო წევრებო, მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არ არის იმ რაოდენობით პორტფელი, რამდენი ადამიანიც ახლა მათ მისაღებად რიგში დგახართ. ცოცხები და ნიჩბები გვაქვს, მოგამარაგებთ.” – განაცხადა ლუკაშენკომ.

ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია მართავს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი