ბრალდებული არასრულწლოვნის მამა თამაზ ხომასურიძე არ გამორიცხავს, რომ დააკავონ
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა – თამაზ ხომასურიძე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა. ხომასურიძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გამოკითხვაზე დაბარებულია სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების საფუძველზე. კერძოდ, თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ არსებობს დაჯგუფება „თეთრი ისარი“, რომელმაც მას მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც სხვა საქმეზე „შაქარაშვილის ბიძას ფული აქვს აღებული“.
ხომასურიძე არ გამორიცხავს, რომ ის დღესვე დააკავონ. მისივე განმარტებით, დღეს მის საცხოვრებელ სახლში სამართალადამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც ამოიღეს მისი პირადი მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და საბუთები.
„ჩემს სახლში ჩხრეკის მიზნით შემოვიდა გამომძიებლების 5-კაციანი ჯგუფი. ჩემზე უკვე ზეწოლა წამოვიდა, ჩემი გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ დაკავებით და რაღაცას იმიზეზებენ, რომ დამაკავონ. შესაძლოა, ახლავე დამაკავონ. იციან, რომ რაღაც ინფორმაციას ვფლობ. შსს-ში დამიბარეს ჩემს მიერ სატელევიზიო ეთერში გუშინ გაკეთებული განცხადების საფუძველზე. მე ეთერში არ მითქვამს, რომ მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაციაა დაგეგმილი, ვთქვი, რომ სხვა საქმეზე განაჩენია გამოტანილი“, – ამბობს ხომასურიძე. მისი თქმით, ჩხრეკის წინ არც გააფრთხილეს და ასევე, ჩხრეკას არ დასწრებია მისი ადვოკატი.