მინსკში ოპოზიციის მიტინგია, მობილიზებულია ძალოვანი უწყებები
მინსკში, ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქცია იწყება. მომიტინგეებმა დილიდან დაიწყეს მსვლელობა და სხვადასხვა ჯგუფები ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან. ათასობით ადამიანი პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს და სკანდირებს „წადი, წადი!“
მიტინგის წინ გავრცელდა სახელმწიფო ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების განცხადებები მომიტინგეების მიმართ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომიტინგეებს მოუწოდებს „გამოიჩინონ წინდახედულობა“ და არ დაარღვიონ კანონი. ოპოზიციის მიტინგამდე მინსკის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ივან კუბრაკოვმა ბელორუსებს მიმართა, რომ უნებართვო მასობრივი მოვლენები უკანონოა და მათში მონაწილეობის გამო პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ მომიტინგეები გააფრთხილა, რომ „წესრიგის დარღვევის შემთხვევაში მომიტინგეებს საქმე მილიციასთან კი არა, არმიასთან ექნებათ“.
პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მომიტინგეების საპროტესტო დროშა, რომელიც თეთრ-წითელ-თეთრ ფერებშია, ფაშისტურ სიმბოლოდ გამოაცხადა.
გამოცემა Tut.by იტყობინება, რომ მინსკში დიდი რაოდენობით სამხედროებია მობილიზებული, მოედნის ირგვლივ კი სპეციალური შემზღუდავი ბარიერებია დაყენებული.