ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

„ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთმანეთის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ

მას შემდეგ, რაც ქართულ მედია სივრცეში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლიდან დაფინანსების და არჩევნების მოსაგებად რუსი პიარტექნოლოგების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, პოლიტიკურმა ტემპერატურამ გარკვეულწილად მოიმატა. ოპოზიციონერები სასწრაფოდ საქმის გამოძიების დაწყებას ითხოვენ. გაჩნდა მოწოდებები რომ „პატრიოტთა ალიანსი“ საერთოდ უნდა მოიხსნას არცევნებიდან, რადგან საქართველოსი კანონით აკრძალულია უცხო ქვეყნიდან პოლიტიკური პარტიის დაფინანსება. ხელისუფლების წარმომადგენლები გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავენ, თავად ირმა ინაშვილი კი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

გენერალურ პროკურატურაში ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, პატრიოტთა ალიანსის დაფინასებასთან დაკავშირებით, განცხადება შეიტანა. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

ელენე ხოშტარია

„საგამოძიებო მასალა, რომელიც გახდა ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა და ძალიან დეტალურად და კონკრეტულად საუბრობს იმ დანაშაულზე, რომელსაც სჩადის „პატრიოტთა ალიანსი“. აქ არის ძალიან დეტალურ ინსტრუქციებზე საუბარი, თუ როგორ ავალებენ რუსეთიდან „პატრიოტთა ალიანსს“ საქართველოში შუღლის გაღვივებას, სიძულვილის გაღვივებას, ანტიდასავლურ პროპაგანდას, ოპოზიციური პარტიების დაშავებას და რაც მთავარია, აქედან ასევე იგზავნება ადამიანების დოსიეები პირდაპირ კრემლში და ასევე, ამ ყველაფერში „პატრიოტთა ალიანსი“ იღებს კონკრეტულ თანხებს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, საგამოძიებო მასალაში გახმაურებულ ეპიზოდებზე, სადაც არჩევნების მოგების ხელშესაწყობად გამოყოფილ 700 ათას დოლარზე და 8 მილიონი დოლარზეა ლაპარაკი, პროკურატურა განცხადების შეტანის გარეშეც უნდა იწყებდეს გამოძიებას მრავალი მუხლით.

„პატრიოტთა ალიანსი“ დაიცვა და გამოძიების აუცილებლობას ვერ ხედავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ.

„ქალბატონ ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა“, – სოფიო კილაძემ ხოშტარიას 90-იან წლებში მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში – МГИМО-ში სწავლა გაახსენა.

კილაძე ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები არაერთხელ გაჟღერებულა „ქართული ოცნების“ მიმართაც. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებას, ამაზე გამოძიების დაწყების საკითხს პროკურატურა გადაწყვეტს.

„ჩემი პირადი პოზიცია მინდა გითხრათ და „ქართული ოცნების“ პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან მისგან ფინანსდება. ეს პირველ რიგში კანონის დარღვევაა, მაგრამ ასევე მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ამას გადაწყვეტს პროკურატურა, ეს პროკურატურის დისკრეციაა“, – განაცხადა კილაძემ.

კილაძე ასევე უნდობლობას უცხადებს საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიეს“ მიერ გავრცელებულ მასალებს, სადაც აღნიშნულია, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უწევენ და რუსეთიდან ფინანსდებიან.

ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ალბათ ისევ ირმა ინაშვილის საპასუხო განცხადებები გამოდგა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ამჟამად „მწამებელთა პარტია“ უწოდა და სწორედ მათი არჩევნებიდან მოხსნა მოსთხოვა საქართველოს პროკურატურას. „დოსიეს“ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული სიუჟეტები კი ინაშვილის თქმით, ჟურნალისტურ სტანდარტებს სერიოზულად სცდება.

„მე არ ვიცი, ეს რა სააგენტოა – რუსეთში ასობით ასეთი სააგენტო არსებობს და სააგენტო „დოსიეს“ მიერ შეთხზული ე.წ. ინფორმაცია ან გამოტანილი დასკვნები არანაირად არ შეიძლება განიხილებოდეს ფაქტად! მითუმეტეს, რომ, როგორც ფაქტს, ამ ე.წ. ინფორმაციას აფასებს მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მეგობარი ვინმე იგორ კუროპტევი“, – განაცხადა ინაშვილმა.

საყურადღებოა, რომ ირმა ინაშვილი არ უარყოფს არც პიარტექნოლოგების დაქირავებას და არც კონსულტაციებში ფულის გადახდას, რაც მისი თქმით კანონდარღვევა არ არის.

„ჩვენ ნამდვილად ვთანამშრომლობთ რამდენიმე საკონსულტაციო კომპანიასთან. ჩვენ ნამდვილად გვყავს ამერიკაში ოთხი კომპანია, რომლებიც წლების მანძილზე გვიწევდნენ კონსულტაციას და ახლაც გვეხმარებიან რჩევებით. სწორედ ამ კომპანიების დახმარებით გვქონდა შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან! ჩვენ გვყავს ასევე ორი ებრაული კომპანია, რომლებიც გვიწევენ კონსულტაციას. და მხოლოდ ერთია რუსული კომპანია, რომელიც ჩვენ კონსულტაციას გვიწევს!“ – ამბობს ინაშვილი.

ინაშვილი ტრადიციულად შეტევაზე გადავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მისამართით.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს ბინძური თავდასხმა ემსახურება ორად ორ მიზანს და მინდა პერსონალურად მივმართო სააკაშვილს და ბოკერიას: თქვენ – სააკაშვილი და ბოკერია გაცოფებულნი ხართ იმით, რომ 1 მილიონ 200 000-ზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ, აქ დევს ეს ანკეტები და 750 000 აუდიო ჩანაწერი გვაქვს ხელთ და პირდაპირ გეუბნებით: აქედან ჩანს, რომ ოთხნახევარ პროცენტზე ნაკლები გაქვთ, სააკაშვილის და ბოკერიას პარტიებს ერთად! აი, ამით ხართ გაცოფებულნი!“, – განაცხადა ინაშვილმა და როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ოპოზიციური პარტიების არჩევნებიდან მოხსნაც მოითხოვა.

„პროკურატურაში მე შემაქვს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანთა მწამებელი ეს პარტიები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ადამიანთა წამება, ძალადობა, მრავლად დევს ფაქტები პროკურატურაში, მოიხსნან არჩევნებიდან. აი, ეს იქნება ჩემი განცხადების მოტივაცია“, – ამბობს ინაშვილი.

წაიკითხეთ ასევე:„პატრიოტთა ალიანსი“ ოკუპანტებთან და ოკუპანტების ფული „პატრიოტებთან“

მსგავსი პოსტები

Back to top button