თელავის ისტორიული მუზეუმი სრულად გაიხსნა

დღეიდან, 2 სექტემბრიდან, თელავის ისტორიული მუზეუმის ყველა საექსპოზიციო დარბაზი გაიხსნა.
მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის განმარტებით, საგამოფენო სივრცეებს ვიზიტორები რეგულაციების დაცვით დაათვალიერებენ.

„პანდემიის პირობებში, დღევანდლამდე, მხოლოდ მეფის სასახლე გვქონდა ღია.
ახლა ყველა საექსპოზიციო დარბაზი გაიხსნა, თუმცა დამთვალიერებელმა რეგულაციები უნდა დაიცვას, პირბადე ატაროს და თერმოსკრინინგი გაიაროს. ერთ სივრცეში 10-ზე მეტი ვიზიტორი არ დაიშვება, ისიც გარკვეული მანძილის დაცვით“, – განაცხადა რადიო ჰერეთთან ურჩუხიშვილმა.
როგორც ურჩუხიშვილი ამბობს, სრული დატვირთვით ამუშავება მუზეუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემოსავლები გაიზრდება.
პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით, მუზეუმში, პირბადის გარეშე, მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვები და სუნთქვის პრობლემების მქონე პირები დაიშვებიან. ასეთ შემთხვევაში, ვიზიტორმა ექიმის მიერ დამოწმებული სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.
თელავის ისტორიული მუზეუმში სამი საგამოფენო სივრცეა.
მუზეუმი 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაიკეტა და მუშაობა სამი თვის შემდეგ, 25 ივნისს ნაწილობრივ განაახლა.
დღემდე, ვიზიტორს, მხოლოდ მეფე ერეკლეს სასახლისა და მისი შემოგარენის დათვალიერება შეეძლო.