fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ლაგოდეხს გაურკვეველი სახეობის ჭია შეესია – ხალხი შველას ითხოვს

2 592

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში გაურკვეველი სახეობის ჭია ბოსტნეულს და საქონლის საკვებ ბალახს ანადგურებს. ბაისუბნელები რადიო ჰერეთთან ამბობენ, რომ თუ არაფერი შეიცვალა, რამდენიმე დღეში მათი მოსავლიდან აღარაფერი დარჩება.

ადგილობრივების თქმით, მავნებელი საღამო ხანს აქტიურდება და ასევე ძალიან სწრაფად მრავლდება. მცენარეების განადგურების გარდა, პარაზიტი ასევე სახლებშიც შედის და იქაც გაუსაძლის მდგომარეობას ქმნის.

 

მოუსმინეთ ჩვენს რეპორტაჟს ლაგოდეხიდან

ბაისუბნელები ამბობენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურშია, თუმცა უკვე რემდენიმე დღეა ხელისუფლების დაპირების შესრულებას ელიან.მათთან ამ დრომდე არავინ მისულა და არც მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლა ჩაუტარებია.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ლაგოდეხის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრში ჰერეთს უთხრეს, რომ  პრობლემას ადგილზე გაეცნენ, გადაიღეს ფოტოები და საქმის კურსში ჩააყენეს შესაბამისი ორგანოები.

ცენტრის მენეჯერი ნუგზარ კაპანაძე აცხადებს, რომ მწვანე მასის შეწამვლის ან არშეწამვლის გადაწყვეტილებას სურსათის უვნებლობის რეგიონული სამსახური მიიღებს. კაპანაძე ასევე ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა დგას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც.

სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ჰერეთთან ამბობს, რომ ზარალი უმნიშვნელოა და ასევე, მავნებელი შეიძლება შეწამვლის გარეშეც მოშორდეს.

„ეს ჭია როგორც მოვიდა, ასევე შეიძლება წავიდეს, გაქრეს“, – ამბობს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილების უფროსი ინსპექტორი ნინო ხუციშვილი. ხუციშვილის თქმით, შხამქიმიკატებით შეწამვლა გამოსავალი არ არის და ხალხს ურჩევს, მავნებელს კონკრეტული წამლებით ებრძოლონ. იმავდროულად, ნინო ხუციშვილის შეფასებით, მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა და სჯობს ხალხი მავნებლის თავისით წასვლას დაელოდოს.

 

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი