მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

პოლიტიკოსები სააკაშვილის პრემიერობაზე და საქართველოში ჩამოსვლაზე

მიხეილ სააკაშვილის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დასახელებას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში. ასევე, სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა პოლიტიკოსებმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, სააკაშვილის განცხადებები საქართველოში დაბრუნებაზე და მისი პრემიერად დასახელება უკვე კომედიურ ჟანრს სცილდება.

ნუკრი ქანთარია

„მგონია, რომ ეს აკვიატება მალე გაივლის და მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე კაცია, რომელიც კერავს იქ ქუდებს, ხელთათმანებს. კანონი უნდა აღსრულდეს, მისჯილი აქვს და აუცილებლად მოხდება პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ თუ რამე მართლაც არის, შეიძლება სამკურნალო დაწესებულებაში გადავიდეს“, – განაცხადა ქანთარიამ.

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა, პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი ვერ იქნება.

ეკა ბესელია

„პირადად მე ამას არასდროს დავუჭერდი მხარს. ხალხს უნდა ცვლილება, ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, ქვეყანაში უნდა შეცვალოს რეალობა ისე, რომ სრულიად ახალი მოცემულება შექმნას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა იქნება, რომელსაც ნდობის მატარებელი, პრინციპული, თანმიმდევრული პოლიტიკოსები უნდა წარმოადგენდნენ, რომლებიც ქვეყნის და საჯარო ინტერესებს პირადზე მაღლა აყენებენ. მე ვისურვებ, რომ ასეთ კოალიციაში დავინახო საკუთარი პარტია და თავი და არ ვიყო მონაწილე იმ მძიმე წარსულისა და აწმყოს, რომლებიც შესაცვლელია“, – განაცხადა ბესელიამ.

პარტიის „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა „ქართულ ოცნებას“ უხარია.

„პირველი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა აწყობს, არის „ქართული ოცნება“, რადგან ისეთ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რომ ვინც თოკი უნდა ესროლოს და ორმოდან ამოიყვანოს, შეიძლება, გახდეს მიხეილ სააკაშვილი. ვისაც უხარია, ეს არის მისი ფანები და „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ იტყვის: „მიშა ისევ მოდის და მოდი კონსოლიდირება მოვახდინოთ“. მიშა უკვე დასრულებულია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განმარტებით, საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილი ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლაა.

გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველო“ მუშაობს იმისთვის, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“, დღევანდელი ნაბიჯით, რაც დადასტურდა და არამარტო ამით, უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება. „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და წინსვლა. ჩვენ გვაქვს გეგმა ამ გარდამტეხი ცვლილებებისთვის, რომ სწორ გზაზე ვიდგეთ და სწორი კომპასი გვქონდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, „ივანიშვილი არის ძალიან მძიმე აწმყო, სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდათ 2012 წლის წარსულში დაბრუნება“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში ღიად ჩართვასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული, ცინიკური, შეშინებული და სასაცილო კომენტარები მეტყველებს იმაზე, რომ ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. მისი თქმით, სააკაშვილის ღიად ჩართვა საარჩევნო კამპანიაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტი რესურსებისა და ენერგიის მობილიზებას ოპოზიციურ ფლანგზე.

რომან გოცირიძე

„თავისთავად, „ქართული ოცნებისთვის” ეს იყო სიუპრიზიც და შოკიც, ვინაიდან ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როცა სააკაშვილმა მაღალი პოსტი დაიკავა უკრაინაში და ამ უზარმაზარი სახელმწიფოს განვითარების სათავეში დადგა. მაშინ იფიქრეს, რომ ის უკრაინას უკავშირებდა თავის პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ ეს სიურპრიზი და მოულოდნელი სვლა აღმოჩნდა მათთვის დამაბნეველი და ეს მათი კომენტარებიდანაც ჩანს, რომ ამას არ ელოდნენ. რა თქმა უნდა, მოულოდნელობის ეფექტი არის ამაში და ჩვენ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვიხილავთ სამომავლოდ“, – განაცხადა გოცირიძემ.

დღეს, 7 სექტემბერს, ოპოზიციურმა კოალიციამ „ძალა ერთობაშია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. მიხეილ სააკაშვილმა კი 6 სექტემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ ქვეყანაში დაბრუნების გეგმის შესახებ 7 სექტემბერს გამოაცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button