მსახიობ გიორგი გურგულიას ბრალი წარუდგინეს
მსახიობ გიორგი გურგულიას ყოფილ ცოლზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს. გურგულია დაკავებული არ არის, მას 4 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
მსახიობს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით აქვს წარდგენილი: 11 პრიმა – 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 11 პრიმა 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “კ” ქვეპუნქტით და 360-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას, ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და თვითნებობას გულისხმობს. — “ესე იგი, ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი”.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკამყოფილა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ამ ეტაპზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. როგორც გურგულიას ადვოკატმა განაცხადა, მსახიობი თავს დამნაშავედ არ ცნობს.