fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

1-ლი ოქტომბრიდან Wizz Air-ი რეგულარულ ფრენებს განაახლებს

რადიო ჰერეთი 28 აგვისტოს იუწყებოდა რომ „ვიზეარი“ და „რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს ოქტომბრიდან განაახლებენ. ჯერ-ჯერობით ოფიციალურად უცნობია როდის განაახლებს „რაინეარი“ ავიამომოსვლას, თუმცა ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე ბილეთები 1 ოქტომბრიდანაა ხელმისაწვდომი. 

311

1-ლი ოქტომბრიდან რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Wizz Air-ი რეგულარულ ფრენებს განაახლებს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვლის გათვალისწინებით.

„დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი განხილვებით შემდგარია შეთანხმება, რომ ჩვენ, კიდევ ერთი მიმართულებით, პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. დღეის მდგომარეობით, პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან გახსნილია საერთაშორის ავიაკომპანიებისთვის, როგორიც არის Lufthansa, air France, Airbaltic, ასევე ჩვენი ეროვნული გადამზიდავისთვის. ჩვენ, დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან, გავხსნათ პირდაპირი რეისი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება Wizz Air-ი. ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლო კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვლის გათვალისწინებით.

ჩვენ, ასევე ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე დაასრულა ტექნიკური კონსულტაციები ავიაკომპანია Wizz Air-თან.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა. ამასთან, დადებითი ეპიდემიოლოგიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, განიხილება ფრენის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობა ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემებით თანახმად,Wizz Air-მა ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენების შესრულება 2018 წლის მარტიდან დაიწყო

აღნიშნულ ქალაქებს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

• 2018 წელი – 24 849 მგზავრი;

• 2019 წელი – 28 478 მგზავრი;

• 2020 წელი – 6 334 მგზავრი.

“სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან. მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით”, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ აღნიშნულ მიმართულებაზე ბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია.

რადიო ჰერეთი 28 აგვისტოს იუწყებოდა რომ „ვიზეარი“ და „რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს ოქტომბრიდან განაახლებენ. ჯერ-ჯერობით ოფიციალურად უცნობია ზუსტად როდის განაახლებს „რაინეარი“ ავიამომოსვლას, სავარაუდოდ ეს იქნება ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში,  თუმცა ცნობილია ის რომ ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე ბილეთები 1 ოქტომბრიდანაა ხელმისაწვდომი. 

 

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი