“ვურჩევთ ხელისუფლებას, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესწორებების მიღებამდე მოითხოვონ ვენეციის კომისიის დასკვნა”
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე, ვენეციის კომისიის დასკვნა მოითხოვოს.
თანამომხსენებლების განცხადება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“ჩვენ წინა განცხადებებში მუდმივად მივმართავდით ხელისუფლებას, რომ შეეცვალათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის სამართლებრივი სტრუქტურა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა აღმოიფხვრას ხარვეზები, რომლებიც ბოლო შერჩევის პროცესში იყო.
“ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების სურვილს, შეიტანონ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში და ხაზს ვუსვამთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მნიშვნელობას, რათა უზრუნველყონ საზოგადოების ნდობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიუკერძოებლობაში და დამოუკიდებლობაში. ამდენად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოითხოვოს ვენეციის კომისიის დასკვნა შემოთავაზებულ ცვლილებებზე, სანამ მათ მიიღებს.” – ნათქვამია განცხადებაში.