Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

აზერბაიჯანმა მობილიზაცია გამოაცხადა, სომხეთთან საზღვარზე მსხვერპლია – რა საფრთხეს ქმნის ეს?

მანამდე ორი დღით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერევანში ომისთვის ემზადებიან.

785

21 სექტემბერს, აზერბაიჯანმა რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მობილიზაცია გამოაცხადა – მას შემდეგ, რაც სომხეთის საზღვართან, ახალი ესკალაციის დროს, ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

მანამდე ორი დღით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერევანში ომისთვის ემზადებიან.

ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრებით – რუსეთი მხარეებს დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს და ამიტომ, შეტაკებები ხდება არა მთიან ყარაბაღში, არამედ ორი ქვეყნის საზღვარზე.

მოვლენების განვითარების ქრონოლოგია და ექსპერტის ანალიზი.

რა გაფრთხილებით გამოვიდა ილჰამ ალიევი

„ისინი (სომხეთი) ახალი ომისთვის ემზადებიან. მხარეების კონტაქტის ხაზთან ახლოს, მათი ძალების კონცენტრაცია მიმდინარეობს.

ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, თვალყურს ვადევნებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, თავს დავიცავთ, ისევე, როგორც თოვუზში (სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 2020 წლის 12-16 ივლისს ვითარების გამწვავება)“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 19 სექტემბერს, ადგილობრივი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჩამოგდებული დრონი

მომდევნო დღეს, 20 სექტემბერს, გვიან საღამოს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ შამქორის რაიონში (სომხეთის საზღვართან ახლოს), სომხური დრონის ჩამოგდების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

საზღვარზე მოკლული და დაჭრილი სამხედროები

21 სექტემბრის დილას, ერთდროულად ორი ახალი ამბავი მოვიდა – ერთი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილისა და მეორის დაჭრის შესახებ.

„21 სექტემბერს, დაახლოებით, 09:20 საათზე, თოვუზის მიმართულებით სახელმწიფო საზღვარზე მორიგი პროვოკაციის აღკვეთისას, დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის უმცროსი სერჟანტი ელშან ალი ოღლუ მამედოვი“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა.

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ კი განაცხადა, რომ თოვუზის რაიონში, სომხეთის ტავუშის რეგიონის საზღვართან, ჯარისკაცი გურბან აზად ოღლუ გურბანოვი მარჯვენა მხრის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა.

რეზერვისტთა მობილიზაცია

იმავე დღეს, 21 სექტემბერს, აზერბაიჯანის სამხედრო მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახურმა სასწავლო შეკრებაზე სხვადასხვა სპეციალობის მქონე რეზერვისტთა გაწვევის შესახებ განაცხადა.

კომენტარი 

აზერბაიჯანელი სამხედრო მიმომხილველის, ასაფ გულიევის ინტერვიუ JAMnews-სთან:

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ომი არ იქნება. მართალია, ჩვენ ისედაც ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით მეზობელ სახელმწიფოსთან – საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ მსხვილმასშტაბიან შეტაკებებზე“.

იმის არგუმენტი, რომ ომი არ იქნება, რამდენიმეა – მიაჩნია გულიევს.

ეს მოიცავს აზერბაიჯანის ვალდებულებებს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და ასევე, დაპირისპირებული მხარეების აღჭურვილობას.

„ჩვენთვის ბოლომდე ცნობილი არ არის, რა ვითარებაში დაიღუპა ჩვენი სამხედრო მოსამსახურე. მაგრამ ორი მიზეზი შეიძლება იყოს.

პირველი – სომხეთი სადაზვერვო ხასიათის ოპერაციას ატარებს.

მეორე – სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ივლისის მოვლენების შემდეგ, რუსეთი ცდილობს დიპლომატიურ დონეზე რაიმე მნიშვნელოვანს მიაღწიოს.

რუსეთი მხარეებს დიპლომატიური ნაბიჯებისკენ უბიძგებს. სწორედ ამ მიზეზით, შეტაკებები ხდება არა მთიან ყარაბაღში, არამედ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. 

რა თქმა უნდა, თუკი მოვლენათა განვითარება არ იქნება რუსეთის ინტერესების შესაბამისი, დაძაბულობის ახალი ესკალაცია გარდაუვალია“.

„დეზინფორმაცია“ – სომხური მხარის რეაქცია

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დეზინფორმაცია უწოდა ოფიციალური ბაქოს განცხადებას ჩამოგდებული სომხური უპილოტო თვითმფრინავის შესახებ. სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა ისიც კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე „სასურველის რეალობად წარმოჩენას ცდილობს“.

ერევანი ამტკიცებს, რომ არ აქვს ინფორმაცია აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ. მაგრამ გაიხსენეს 16 სექტემბერს, „აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით“ კონტრაქტზე მყოფი სომეხი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება.

აქედან გამომდინარე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აყენებს „სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონტროლის მექანიზმების დაწესების აუცილებლობას, რომელიც მსგავსი უბედური შემთხვევების რისკს შეამცირებს“.

 

წყარო

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი