მნიშვნელოვანიმსოფლიო

აზერბაიჯანულ სოფლებში დაჭრილთა ფოტოები ვრცელდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეტ ჰაჯიევმა თავის ტვიტერზე გაავრცელა აზერბაიჯანის სოფლებში დაჭრილთა ფოტოები, რომლებიც სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის შედეგად დაშავდნენ.

27 სექტემბერის დილას, ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. პრესრელიზი გამოაქვეყნა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამია:

„სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებების აღსაკვეთად და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანის არმიის ხელმძღვანელობამ მთელი ფრონტის გასწვრივ, კონტრშეტევითი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედებაში ჩართულია პირადი შემადგენლობა, სატანკო ქვედანაყოფები, სარაკეტო-საარტილერიო შენაერთების, საბრძოლო ავიაციისა და უპილოტო საფრენი აპარატების მხარდაჭერით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ „ელვისებური კონტრშეტევითი ოპერაციის“ შესახებ განაცხადა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებების დიდი ხნის წინ დაგეგმვაში დაადანაშაულა. „ნებისმიერმა, ვინც საბაზისო სამხედრო ცოდნას ფლობს, იცის, რომ კონტრშეტევის დაგეგმვას კვირები სჭირდება. აზერბაიჯანმა კი მაშინვე ოფიციალურად განაცხადა „კონტრშეტევის“ შესახებ. ესკალაციის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე წუთში, აზერბაიჯანულმა და თურქულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს მასალები ფრონტის წინა ხაზიდან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პროვოკაცია აზერბაიჯანის პროვოცირებულია და დიდი ხნის წინ არის დაგეგმილი“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „არცახის თავდაცვის სამინისტრო წარმატებით უმკლავდება თავდასხმას“ და მოუწოდა ყველას, ენდონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს“.

გუშინ, 26 სექტემბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოების ვებგვერდებზე, ამერიკის მოქალაქეებისთვის Security Alert გამოქვეყნდა საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხის გამო. სომხეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს რეკომენდაცია მიეცათ, არ წავიდნენ ტავუშსა და ყარაბაღში. აზერბაიჯანში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს კი ურჩიეს, არ დატოვონ აფშერონის ნახევარკუნძული.

მსგავსი პოსტები

Back to top button