გაერო-ს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და გმობენ ძალის გამოყენებას მკაცრად გმობენ, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების საგანგებო სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.
„საბჭოს წევრები მკაცრად გმობენ ძალის გამოყენებას და წუხილს გამოთქვამენ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო. უშიშროების საბჭოს წევრები მხარს უჭერენ გენერალური მდივნის მხარეებისადმი მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ბრძოლა, განიმუხტოს დაძაბულობა და დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს,“- აღნიშნულია განცხადებაში.
საბჭოს წევრები მხარეებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.
„უშიშროების საბჭოს წევრები სრულ მხარდაჭერას გამოთქვამენ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ცენტრალური როლის მიმართ და მოუწოდებენ მხარეებს, მჭიდროდ ითანამშრომლონ მათთან წინაპირობების გარეშე დიალოგის დაუყოვნებლივ განახლებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.