მნიშვნელოვანისიახლეები

თავდაცვის სამინისტრო თელავში ჯარისკაცის ინფიცირების ამბავზე განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო თელავში ჯარისკაცის ინფიცირებას ადასტურებს, თუმცა კარანტინის გამოცხადებას უარყოფს. -ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება განმარტავს, რომ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. რეგიონული ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კოორდინაციით, მისი კონტაქტები უკვე მოკვლეულია, ყველა მის პირდაპირ და ირიბ კონტაქტში მყოფ პირს PCR ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

ქვედანაყოფში ჩატარებული დამატებითი ეპიდემიოლოგიური მოკვლევისა და დეზინფექციის შედეგად, სამხედრო ნაწილის საკარანტინე ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დამდგარა. შესაბამისად, თელავში დისლოცირებული მე-20 კადრირებული ბრიგადა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მე-20 – კადრირებულ ბრიგადაში კარანტინია გამოცხადებული და თანამშრომლების ტესტირება უნდა დაიწყოს. ოფიცერი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია და ის სამსახურში, სახლიდან, ყოველდღიურად საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

ცნობისთვის, ჯარისკაცის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია, რადიო ჰერეთმა გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button