მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ

2020 წლის 9 ოქტომბერს, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, შვეიცარიის მთავრობამ საქართველო მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 12 ოქტომბრიდან შევლენ შვეიცარიის ტერიტორიაზე საქართველოდან სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტით, სატრანზიტო ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სტატუსის მიუხედავად, ვალდებულნი იქნებიან გაიარონ 10 დღიანი კარანტინი/თვითიზოლაცია. აღნიშნული წესი ვრცელდება ნებისმიერ საქართველოდან შემოსულ პირზე, ხოლო წესის გვერდის ავლის შემთხვევაში გათვალისწინებულია მაღალი ჯარიმა – 10 000 შვეიცარიული ფრანკი.

შვეიცარიაში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დაუყოვნებლივ გადავიდეს თვითიზოლაციაში და მაქსიმუმ 2 დღის ვადაში უნდა დაუკავშირდეს კანტონალურ უწყებებს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაემორჩილოს მიღებულ ინსტრუქცია/რეკომენდაციებს.

ასევე, მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია გამგზავრებამდე კომუნიკაციაში იყვნენ შესაბამის ავიაკომპანიებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ მგზავრობასთან დაკავშირებული წესები, როგორიცაა COVID-19-ის ტესტის წარდგენის აუცილებლობა და სხვა.

ამჟამად საქართველოს საზღვარი მხოლოდ ხუთი ქვეყნისთვის აქვს გახსნილი – გერმანია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და საფრანგეთი. გერმანიის შეზღუდვების გარდა, ლიტვას და ლატვიას საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვალდებულება აქვს დაწესებული.

საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებით სრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button