fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბურჯანაძე ლაგოდეხს რუსული ბაზრის გახსნას პირდება

ნინო ბურჯანაძემ რადიო "ჰერეთთან“ საუბარში აღნიშნა, რომ სუს-ი და „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, მოსახლეობას აშინებენ

758

“ერთიან საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მას ლაგოდეხში მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუსახელებია, გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას დასაქმებას, რუსული ბაზრის გახსნას და რუსეთთან უვიზო მიმოსვლას დაპირდა.

ბურჯანაძესთან შეხვედრაზე ლაგოდეხელთა მცირე ნაწილი მივიდა. ისინი ამბობენ, რომ დაპირება, რომელიც მოისმინეს, მათთვის მისაღებია და შესრულების შემთხვევაში, ხალხისთვის მნიშვნელოვანი შეღავათიც იქნება.

მოსახლეობის დაბალი აქტივობა “ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ქვეყანაში შექმნილ არათანაბარ პოლიტიკურ ვითარებას დაუკავშირა.

ნინო ბურჯანაძემ რადიო “ჰერეთთან“ საუბარში აღნიშნა, რომ სუს-ი და „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, მოსახლეობას აშინებენ და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაში ხელს უშლიან.

მმართველი პარტიის ლაგოდეხის ორგანიზაციაში ბურჯანაძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

სუს-ის ადგილობრივ სამსახურში კი „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებას, მოსახლეობის დაშინების მცდელობაზე, არ პასუხობენ.

შეხვედრაზე მისულ ლაგოდეხელებს „ერთიანი საქართველოს“ სააგიტაციო მასალაც დაურიგდა.

მოუსმინეთ ხმებს ლაგოდეხიდან

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი