ხატია დეკანოიძეს პარლამენტთან კარავი არ გააშლევინეს

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე, პარლამენტის შენობის წინ, კარვის გაშლას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ მას ამის უფლება არ მისცა.
როგორც დეკანოიძე აცხადებს, ის ამ ფორმით, არჩევნების გაყალბებისთვის, საკუთარ პროტესტს გამოხატავდა.
“მე მაქვს უფლება პროტესტი რა ფორმითაც მინდა, ისე გამოვხატო. გადავწყვიტე აქ გავათენო ამაღამ ღამე, მაგრამ პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მომცა. ვერანაირი განმარტება ვერ გამიკეთეს, მოგეხსენებათ, კანონი კარგად ვიცი. მე მაინც აქ დავრჩები და კიბეებზე გავათენებ ღამეს”, – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენტთანაა შეკრებილი.
ოპოზიციამ, მხარდამჭერებს, რუსთაველზე შეკრებისკენ, ცესკოს პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ მოუწოდა. ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ ეტაპზე დათვლილია 3843 საარჩევნო უბანი.
არსებული მონაცემების მიხედვით, “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 48.15%-იანი, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27.13%-იანი მხარდაჭერა აქვს.