მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

საპარლამენტო მანდატებზე გირჩიც უარს ამბობს

ევროპული საქართველოს, ლელოს, ლეიბორისტული პარტიისა და პატრიოტთა ალიანსის მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე გირჩიც უარს ამბობს. პარტია არც დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დაგეგმილ მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მათი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების დეპუტატ გია ვოლსკის უნდა დაპირისპირებოდა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

ქართული ოცნება – 48.15%
ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
ევროპული საქართველო – 3.78%
ლელო – 3.15%
სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
გირჩი – 2.86%
მოქალაქეები – 1.33%
ლეიბორისტული პარტია – 1%
30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. თუმცა, შევლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე შიდაპარტიული დისკუსიები ამ დრომდე გრძელდება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button