Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მოსახლეობის მოთხოვნით თელავში ნადიკვრის პარკის პროექტი შეიცვალა

პარკის რეაბილიტაციაზე, მთლიანად 315. 410 ლარი დაიხარჯება.

134

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დასასვენებელ პარკ ნადიკვრის სარეაბილიტაციო პროექტი შეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მერიაში  მოსახლეობის, პოლიტიკური პარტიებისა და ისტორიკოსების პროტესტის შემდეგ,მიიღეს.

თავდაპირველ ვარიანტში, ნადიკვრის ისტორიული გორა, რომლის ორ ნაწილად გაჭრასაც ადგილობრივები აპროტესტებდნენ, უცვლელად რჩებოდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, პროექტის ახალ ვარიანტში, მოსახლეობის მოთხოვნა გათვალისწინებულია

“ისტორიული გორა გაიჭრა 2012 წელს და გაკეთდა ხიდი, რამაც საფრთხე შეუქმნა აქ მომსვლელ ბავშვებს. ჩვენი პირველი პროექტით, სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული ამ გორის ამოვსება. მოსახლეობის დიდი სურვილი იყო, შეგვეცვალა პროექტი. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და დღევანდელი მდგომარეობით, გორა უკვე ივსება “- განაცხადა რადიო ჰერეთთან ნარეკლიშვილმა.

ახალი ვარიანტი  მისაღებია, პოლიტიკური პარტიებისათვისაც, რომლებიც პარკის პირვანდელ პროექტს აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ.

“ლეიბორისტული პარტიის” კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნიკა ვარდოშვილი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ თვითმმართველობა მოსახლეობას ყოველთვის უნდა უსმენდეს.

” ადგილობრივი თვითმმართველობა, იმისთვის არის, რომ მოსახლეობას მოუსმინოს. ნადიკვარი არ არის ჩვეულებრივი პარკი, ის თელავის სავიზიტო ბარათია. ამიტომ ყველასთვის სასურველი და უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს” – განაცხადა ვარდოშვილმა.

პროექტის ავტორი ტენდერში გამარჯვებული კომპანია ” რენდერ- არქია”.

ტენდერი, ნადიკვრის პარკი რეაბილიტაციისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხჯერ გამოცხადდა.
პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამარჯვებული, შპს “ბერმუხა” ახორციელებს

პარკის რეაბილიტაციაზე, მთლიანად 315. 410 ლარი დაიხარჯება.

ნადიკვრის რეაბილიტაცია პირველად 2012 წელს განხორციელდა.  შესრულებულ სამუშაოები, მსოფლიო ბანკის მიერ 5.424. 352 ათასი ლარით დააფინანსდა.

განახლებული პარკი სრულყოფილ ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი