Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“სამართლიანი არჩევნები” ლაგოდეხში გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს

დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობაცაა

96

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დამკვირვებლების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ლაგოდეხის საარჩევნო უბნებზე ხმის რამდენჯერმე მიცემის და უბნების გარეთ ამომრჩევლების მობილიზების ფაქტები დაფიქსირდა.

ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობაა, თუმცა ამ ფონზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ძირითადად სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

,,#15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა აღმოაჩინა ერთი და იგივე პირების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. „კარუსელი“). საარჩევნო უბანთან მობილიზებული ადამიანები საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს რიგრიგობით შეყავთ საარჩევნო უბანზე და უფლებას აძლევენ ხმა მისცენ არაერთხელ. საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას. მან მარკირების შესამოწმებელი სპეციალური ფანარი დამკვირვებლის შეკითხვის შემდეგ მოიძია.

#15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #21 და #35 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩევლების მობილიზება შეინიშნება, რომლებთანაც კომისიის წევრები გამოდიან და ესაუბრებიან. ამასთან #35 საარჩევნო უბნაზე კომისიის წევრები თავის ფუნქციებს არ ასრულებენ და საარჩევნო პროცესი კენჭისყრის პროცედურების დარღვევით მიმდინარეობს, კერძოდ, უყურადღებოდაა მიტოვებული საარჩევნო ყუთი და სხვა დოკუმენტაცია”– აცხადებენ ორგანიზაციაში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი