მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლა1914 უბანში მიმდინარეობს

ამ წუთებისთვის, 1914-ვე საარჩევნო უბანი დახურულია, ახლა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ხმებს ითვლიან.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ, ბიულეტენებში მათი სახელი და გვარები ეწერა. აქედან გამომდინარე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბიულეტენში მათი ნომერი შემოხაზული იყო.

ამომრჩევლის აქტივობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 26.29% შეადგინა.

როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე კენჭისყრის დღის შეჯამებისას განაცხადა, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე 562 664 ამომრჩეველი მივიდა.

მისი თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია – 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი – ნაძალადევში – 20.04%.

ნათია იოსელიანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათისთვის დაიხურა.

რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატან ყუთს, ისინი უბნებზე 21:00 საათისთვის დაბრუნდა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ამომრჩეველი იყო.

2020 წლის მეორე ტურის ამომრჩეველთა აქტივობა 10%-ზე მეტით ნაკლებია 2016 წლის არჩევნების მეორე ტურის აქტივობასთან შედარებით – ცესკოს მონაცემებით, 2016 წელს არჩევნების მეორე ტურში აქტივობა 37.5% იყო.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა და მას ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა, შესაბამისად, ოპოზიციის მონაწილეობა მაჟორიტარულ ოლქებში ფიქტიური იყო, მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატები კი უკონკურენტო ვითარებაში იმყოფებოდნენ.

დღესვე ქუთაისში ჩატარდა მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.

არჩევნების დარღვევებით მიმდინაროებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით, თუმცა აქტიურად აკვირდებოდნენ არჩევნების მეორე ტურს: “სარამართლიანი არჩევნები”, “მრავალენოვანი საქართველო” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. ამ უკანასკნელმა 100-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა.

იხილეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები ცესკოში შესული ოქმების მიხედვით 

მსგავსი პოსტები

Back to top button